როგორ წერენ ასტრონავტები კოსმოსში?
იცოდით, რომ ჩვეულებრივი კალამი ან ფანქარი ცუდი არჩევანია კოსმოსში საწერად?
ამას ის განაპირობებს, რომ მიკროგრავიტაციის პირობებში კალამი არ წერს, ფანქარი კი შეიძლება გატყდეს და კოსმოსურ მისიას საფრთხე შეუქმნას.
არსებობს ლეგენდა, რომ კოსმოსური რბოლის დროს NASA-ს მეცნიერებმა მილიონობით დოლარი დახარჯეს კოსმოსური ფანქრის შექმნისათვის. და, იმის მიუხედავად, რომ ეს ისტორია წლებია, რაც ინტერნეტში ტრიალებს – ის სიმართლეს არ შეესაბამება.
NASA-ს მეცნიერებმა კოსმოსური ეპოქის დასაწყისშივე იცოდნენ, რომ კალამი კოსმოსში არ გამოდგებოდა, რადგან წერისათვის გრავიტაცია იყო საჭირო. ამავდროულად, ფანქრები მარტივად ტყდება და მცირე ნაწილაკმაც კი შეიძლება კოსმოსში მყოფ ასტრონავტსა და ხომალდს საფრთხე შეუქმნას. ამავდროულად, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ფანქრები მარტივად აალებადია – რაც საფრთხის რისკს ზრდის.
სწორედ ამიტომ, 1965 წელს NASA-მ კოსმოსში გასაგზავნად სპეციალური მექანიკური ფანქრები შეუკვეთა, რომელთა ფასიც 128,89$-ი იყო. ამ ინფორმაციამ პრესაში გაჟონა და კოსმოსურმა სააგენტომ დიდი კრიტიკა დაიმსახურა. სწორედ ამიტომ, სააგენტოს ფანქრების შეცვლა მოუწია. თუმცა, არა დიდი ხნით.
მექანიკური ფანქრების სკანდალისას ამერიკელმა ბიზნესმენმა – პოლ ფიშერმა მილიონიანი ინვესტიცია ჩადო კოსმოსური კალმის შესაქმნელად. საბოლოოდ, კი შექმნეს პროდუქტი – რომელიც კოსმოსში, უწონადო მდგომარეობაში, წყლისა და სხვა სითხეების ქვეშ და სხვადასხვა ტემპერატურაზე გამართულად წერდა.
ფიშერის კალმების კომპანიამ პროდუქტი თავდაპირველად NASA-ს შესთავაზა, თუმცა სააგენტომ უარი განაცხადა. მაგრამ, რამდენიმე წლიანი ტესტირების შემდეგ 400 ცალი შეიძინა. NASA-ს კვალს რუსეთიც მიჰყვა და ახალი, Soyuz კოსმოსური მისიისთვის 100 კალამი და 1000 მელნის კარტრიჯი შეიძინა. მალევე, კი ფიშერი ოფიციალურად გახდა კოსმოსური კალმების სტანდარტი. მათი შეძენა კი ყველას შეუძლია.