ეს მთვარეა, დედამიწიდან 384 400 კმ.-ით დაშორებული ქვის დიდი ბურთი, ჩვენი ბუნებრივი თანამგზავრი, ადამიანების საყვარელი ციური სხეული და რომანტიკოსების პოეტური შთაგონება.

მთვარეზე ადამიანების ბოლო მოგზაურობიდან 50 წელზე მეტი გავიდა, მეცნიერება ისე განვითარდა, რომ ჩვენს სმარტფონებს იმდენივე კომპიუტერული შესაძლებლობები აქვთ, როგორიც აპოლოს მისიის კომპიუტერებს. თუმცა, ზოგიერთი ბავშვობის კითხვა ჯერ კიდევ უპასუხოდ რჩება. ერთი რამ კი ცხადია, რომ  მთვარის გაქრობა კატასტროფულ შედეგებამდე მიგვიყვანს.

თუმცა, პირველ რიგში, ალბათ, გიჩნდებათ კითხვა, თუ რატომ ან როგორ უნდა გაქრეს მთვარე? ამ მასიური სხეულის ერთი ხელის მოსმით ციდან გაქრობა წარმოუდგენლად ჟღერს. თუმცა, ჯერ კიდევ ცივი ომის დროს, აშშ-ს სურდა, რომ მთვარე აეფეთქებინა.

აშშ-ს საჰაერო ძალების საიდუმლო პროექტის, Project A119-ის მიხედვით, დედამიწიდან ატომური ბომბი მთვარის მიმართულებით უნდა გაეშვათ და მის ზედაპირზე აეფეთქებინათ. აფეთქების შედეგად წარმოქმნილ მტვრის ღრუბელს მზე გაანათებდა და მისი დანახვა დედამიწის ნებისმიერი წერტილიდან იქნებოდა შესაძლებელი. სწორედ ასე აპირებდა აშშ კოსმოსურ რბოლაში გამარჯვებას. გეგმის განსახორციელებლად კი იმ პერიოდის ყველაზე დიდი მეცნიერთან გუნდი შეკრიბეს, მათ შორის კი კარლ სეიგანიც იყო.

მთვარის აფეთქება, მართლაც, რომ შესანიშნავი და შემაძრწუნებელი სანახაობა იქნებოდა. მალევე კი  დაიბადებოდნენ თაობები, რომლებსაც მთვარე საკუთარი თვალებით არასოდეს ექნებოდათ ნანახი. მეტიც, მთვარე ძილისპირული ზღაპარი გახდებოდა, რომელზეც ისტორიების მოყოლა მხოლოდ ძველ თაობებს შეეძლებოდათ. თუმცა, აშშ-მ პროექტი მალევე გააუქმა, მთვარე კი გადარჩა.

მაგრამ, რა მოხდება თუ ერთ დღეს მთვარე მართლაც გაქრება?

ალბათ, ჩვენი უმრავლესობა ამას თავიდან ვერც კი შეამჩნევს. თუმცა, ადამიანები, რომლებიც ოკეანის ახლოს ცხოვრობენ, დაინახავენ – რომ მიმოქცევის სიძლიერე შემცირდა.

მთვარის მიზიდულობა დედამიწაზე ტალღების მიმოქცევის თითქმის 70%-ზეა პასუხისმგებელი. დანარჩენი კი მზის მიზიდულობაზეა დამოკიდებული. ამიტომაც, მთვარის გაქრობით, ოკეანური დინება  მნიშვნელოვნად შემცირდება. მშვიდი ოკეანე საცურაოდ უფრო უსაფრთხო იქნება და დამწყები სერფერებიც უფრო ადვილად შეძლებენ სერფინგის სწავლას. მაგრამ, როგორ აისახება ეს ყველაფერი სანაპირო და ოკეანის ეკოსისტემაზე?

ამ ზონაში მცხოვრები კიბორჩხალების, მოლუსკების, ლოკოკინებისა და თევზებს კვება, გამოჩეკა და გამრავლება სრულიად მიმოქცევაზე არის დამოკიდებული. მისი შემცირება კი ჯერ სანაპირო ეკოსისტემას გაანადგურებს, მოგვიანებით კი კვებითი ჯაჭვის რღვევა ოკეანის ბინადრებზეც აისახება. ათობით წელიწადში კი უამრავი გადაშენებული სახეობა გვეყოლება.

თუმცა, მიმოქცევის შემცირება კიდევ უფრო მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს გარემოზე. სწორედ მთვარის მიზიდულობის დამსახურებაა კლიმატის ბალანსიც. მიმოქცევა არქტიკული და ტროპიკული ცივი და თბილი წყლების შერევას უწყობს ხელს, რაც ტემპერატურას აბალანსებს და დედამიწაზე კლიმატის სტაბილიზაცია ხდება.

რა თქმა უნდა, მხოლოდ მიმოქცევის შემცირებით, დედამიწა ჰოლივუდის პოსტ აპოკალიფსურ ტრილერს არ დაემსგავსება. თუმცა, მთვარის მიზიდულობა უდიდეს გავლენას ახდენს კლიმატზე, ვიდრე წარმოგვიდგენია.

სწორედ ჩვენი ბუნებრივი თანამგზავრის დამსახურებაა, რომ დედამიწაზე 4 სეზონი გაგვაჩნია. მთვარის მიზიდულობა დედამიწის ღერს 23.5 გრადუსით ხრის, რაც სეზონების ცვლილებას განაპირობებს. ზაფხულში, ჩრდილოეთ ნახევარსფერო მზისკენ არის დახრილი, ამიტომაც დღეები უფრო ნათელი და გრძელია, ზამთარში კი პირიქით.

მთვარის გაქრობით, დედამიწის ღერძი არასტაბილური გახდება. ამით, დღე-ღამის სიგრძე 6-12 საათამდე შემცირდება, სეზონები კი სრულიად გაქრება. პლანეტის ზოგიერთ ნაწილს მზის სხივები საერთოდ აღარ მოხვდება, ზოგიერთში კი მზე აღარასდროს ჩავა. მთვარის გაქრობა დედამიწის დახრილობას 10-დან 45 გრადუსამდე შეცვლის. და უკანასკნელად, როდესაც დახრილობა 1-2 გრადუსით შეიცვალა, დედამიწაზე დიდი გამყინვარება დაიწყო.

სწორედ ასეთი კლიმატური პირობებია ჩვენს მეზობელ პლანეტაზე, მარსზე. აქ, კრიტიკული ტემპერატურა სწორედ იმის გამო ფიქსირდება, რომ წითელ პლანეტას კლიმატური პირობების მოსაწესრიგებლისათვის საჭირო ზომის თანამგზავრი არ ჰყავს. სწორედ ამიტომ, მარსის ზედაპირზე სიცოცხლის ნიშნები არ ფიქსირდება.

ასევე, მთვარის გაქრობით ღამე წყვდიადად გადაიქცევა. მთვარის შემდეგ, ჩვენს ცაზე – ყველაზე ნათელი ციური სხეული – პლანეტა ვენერაა. თუმცა, მისი სინათლე საკმარისი არ იქნება და ყოველი ღამე ახალმთვარეობაზე უფრო ბნელი გახდება. ერთის მხრივ, ვარსკვლავებით მოჭედილი ცა კიდევ უფრო გასაოცარი სანახაობა იქნება. მაგრამ, ის მტაცებლები და ღამის ცხოველები, რომლებიც სანადიროდ და გადასაადგილებლად მთვარის სინათლეს იყენებენ. დროთა განმავლობაში გადაშენდებიან. გამონაკლისია მღრღნელები, რადგან ისინი ისედაც ბნელ გარემოში ცხოვრობენ.

ასე რომ, მთვარის გაქრობა მართლაც, რომ უდიდესი პრობლემა იქნება. თუმცა, შედეგები ერთბაშად არ დაგვატყდება თავს. კლიმატის ცვლილებას და სახეობების გადაშენებას წლები დასჭირდება, რაც მეცნიერებას ჩვენი ადაპტაციის დაჩქარების შანს მისცემს. თუმცა, რამდენად შეძლებს მეცნიერება ახალი ხელოვნური თანამგზავრის შექმნას, რომელიც მთვარეს შეცვლის, ჯერ-ჯერობით საეჭვოა.  და, იმ შემთხვევაშიც, თუ კაცობრიობამ ახალ, უმთვარო სამყაროში გადარჩენა მოახერხა, მთავრის გაქრობით დედამიწის ისტორია დაიკარგება.

უკვე 4 მილიარდ წელზე მეტია, რაც მთვარე დედამიწასთან ერთად უსასრულო კოსმოსში ტრიალებს. შეიძლება ითქვას, რომ მისი ზედაპირი დედამიწის დიდი მუზეუმია. ტექტონიკური აქტივობების გამო, ჩვენს პლანეტაზე მილიარდობით წლის წინანდელი ქვები და მასალები თითქმის არ მოიპოვება. მაგრამ, მთვარე ძალიან დიდი რაოდენობით ინფორმაციას ინახავს ახალგაზრდა დედამიწასა და ჩვენს ისტორიაზე.