სამხრეთ კორეის პირველმა მთვარის ხელოვნურმა თანამგზავრმა კოსმოსური ვოიაჟი უკვე დაიწყო. სწორედ მთვარის ორბიტაზე მოხვედრა იქნება ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტი ქვეყნის მომავალი კოსმოსური პროექტების განსახორციელებლად.

ხელოვნური თანამგზავრი – დანური (იგივე KPLO) 678 კილოგრამს იწონის და კოსმოსში 4 აგვისტოს, SpaceX-ის Falcon 9 რაკეტით გაფრინდა.

თანამგზავრი მთვარის ორბიტაზე გაიტანს 6 სამეცნიერო ინსტრუმენტს, მათ შორის: ოპტიკურ კამერას, NASA-ს ShadowCam-ს და „კოსმოსური ინტერნეტის“ დემონსტრატორს, რომელიც სამხრეთ კორეის ელექტრონიკისა და ტელეკომუნიკაციების კვლევითმა ცენტრმა (KARI) შექმნა. ამ უკანასკნელის დახმარებით შემოწმდება, თუ რამდენად არის შესაძლებელი პლანეტათაშორისი ინტერნეტ კავშირი.

სამხრეთ კორეის აეროკოსმოსური კვლევითი ცენტრის განცხადებით, ხელოვნური თანამგზავრი გამართულად მუშაობს და მთვარისკენ მიემართება. მოსალოდნელია, რომ ის მთვარის ორბიტაზე 16 დეკემბერს დაჯდება. ოფიციალურ მისიას კი იანვარში დაიწყებს. მისიის წარმატების შემთხვევაში სამხრეთ კორეა გახდება მეშვიდე ქვეყანა, რომელიც მთვარის კვლევაში ჩაერთვება.

სამხრეთ კორეის პრეზიდენტის განცხადებით, თანამგზავრის წარმატება ქვეყნის ეკონომიკურ და სამეცნიერო გაძლიერებას გამოიწვევს. ასევე, მისი ინიციატივით, თანამგზავრი „კოსმოსური ინტერნეტის“ დემონსტრაციისას – დედამიწაზე კორეული ბენდის, BTS-ის მეგა ჰიტის, Dynamite-ის მუსიკალურ ვიდეოს გადმოაგზავნის.

ორბიტაზე ყოფნისას, თანამგზავრი მთვარეს დღეში 12-ჯერ შემოუვლის და ახალი ინსტრუმენტებით განსხვავებულ ინფორმაციას შეაგროვებს. NASA-ს ShadowCam-ის საშუალებით, მთვარის ზედაპირის ჩრდილებით დაფარული ტერიტორიების შესწავლა მოხდება. ShadowCam-ის მთავარი მიზანი მთვარეზე არსებული დაფარული ყინულების აღმოჩენაა. NASA-ს განცხადებით, ახალი მოწყობილობის დამზადებისას სინათლის მიმართ  იმაზე 100-ჯერ უფრო მგრძნობიარე კამერა გამოიყენეს, ვიდრე ოდესმე მთვარეზე გაუგზავნიათ. ShadowCam-ის მოპოვებული ინფორმაცია პირდაპირ NASA-ს გადაეგზავნება და მას Artemis-ის პროგრამისთვის გამოიყენებენ.

კამერასთან ერთად, სამხრეთ კორეულ თანამგზავრზე იქნება გამა-გამოსხივების სპექტრომეტრი (KGRS), რომელიც მომაკვდავი ვარსკვლავების გამა-გამოსხივებას შეისწავლის. KMAG – მაგნიტომეტრი კი დედამიწასა და მთვარეს შორის არსებულ მაგნიტურ ველს დააკვირდება.

სამხრეთ კორეამ KPLO-ს მისიაზე მუშაობა 2016 წელს დაიწყო. გაშვება კი 2020-ში იყო დაგეგმილი. თუმცა, თანამგზავრის წონამ დაგეგმილს გადააჭარბა და ინჟინრებს დიზაინისა და დეტალების თავიდან გადახედვა მოუწიათ. მთლიანობაში, პროექტი 236.7 მილიარდი კორეული ვონი (182 მილიონი დოლარი) დაჯდა. ეს მისია კი სამხრეთ კორეის მთვარეზე გასვლის პროგრამის დასაწყისია. მთვარეზე მოგზაურობა კი 2030-იანი წლების დასაწყისში არის დაგეგმილი.