ავსტრალია მთვარეზე მცენარეების გაზრდას შეეცდება
ავსტრალიელი მეცნიერები შეეცდებიან, რომ მთვარეზე მცენარეები 2025 წლამდე გაზარდონ. ახალი მისიის შესახებ 7 ოქტომბერს გახდა ცნობილი – მთავარი მიზანი კი მომავლის კოლონიებისთვის „ნიადაგის მომზადებაა“.
მეცნიერისა და ბიოლოგის, ბრედ უილიამსის განცხადებით, მცენარეების მარცვლებს მთვარეზე Beresheet 2-ის კოსმოსური ხომალდი წაიღებს. Beresheet 2-ი ისრაელის კერძო კოსმოსური მისიაა, რომელიც მთვარისკენ გეზს 2025 წელს აიღებს.
ოფიციალური განცხადების მიხედვით, მცენარეები დახურულ კამერაში იქნებიან განთავსებულები და მათი კვირტების გამოღებისა და ზრდის პროცესის მუდმივი მონიტორინგი მოხდება.
მცენარეების არჩევა იმის მიხედვით მოხდება, თუ რამდენად კარგად გაძლებენ ისინი ექსტრემალურ პირობებში და რამდენად მარტივი იქნება მათი ზრდა.
ერთ-ერთი სავარაუდო ვარიანტი ავსტრალიური „Resurrection grass” იქნება, რომელიც უწყლო და მოსვენებულ მდგომარეობაში დიდხანს ძლებს.
მკვლევრების აზრით, ეს პროექტი იქნება პირველი ნაბიჯი მთვარეზე ისეთი მცენარეების გასაზრდელად, რომელიც საკვებად ვარგისი იქნება, მედიცინაში გამოიყენება და ჟანგბადს გამოყოფს. ეს ყველაფერი კი საბოლოოდ მთვარეზე ადამიანების სასიცოცხლო პირობების შექმნას ემსახურება.
ამავდროულად, კვლევები სასარგებლო იქნება კლიმატის ცვლილებებით გამოწვეული პრობლემების აღმოსაფხვრელად. მეცნიერების განცხადებით – იმ შემთხვევაში, თუ მთვარეზე საჭმელად ვარგის მცენარეებს გაზრდას შეძლებენ, მაშინ დედამიწაზე, ყველაზე რთულ გარემო პირობებშიც იქნება ეს შესაძლებელი.
პროექტის ავტორი The Lunaria One ორგანიზაციაა, რომელშიც მეცნიერები ავსტრალიიდან და ისრაელიდან არიან წარმოდგენილები.