ექსპერტების პროგნოზით, ჩინური რაკეტის ნაწილები მალე დედამიწას დაეცემა
ექსპერტების პროგნოზით, ჩინური რაკეტის ნაწილები დედამიწას მომდევნო კვირაში დაეცემა.
ეს არის ჩინური რაკეტა-ამაჩქარებლის “Long March B2-ის“ 25 ტონიანი ფრაგმენტი, რომელიც ტიანგუნის კოსმოსური სადგურიდან კოსმოსში 24 ივლისს გაფრინდა.
CORDS-ის (The Aerospace Corporation’s Center for Orbital Reentry and Debris Studies) მიხედვით, რაკეტის ნაწილები დედამიწის ორბიტაზე რამდენიმე დღეს გაატარებს. აშშ-ს კოსმოსური ძალების (USSF) მონაცემების ანალიზის მიხედვით, კი ვარაუდობენ, რომ რაკეტის ფრაგმენტები დედამიწის ატმოსფეროში 31 ივლისს შემოვა. დროის სავარაუდო გადაცილება კი 22 საათია. ექსპერტების განცხადების მიხედვით, დაცემის ადგილის ზუსტი განსაზღვრა ჯერ შეუძლებელია.
როგორც აეროკოსმოსური სააგენტოს განცხადებაში ვკითხულობთ, დიდი ზომის სხეულის ატმოსფეროში შემოჭრისას – მისი მხოლოდ 20%-40% აღწევს დედამიწის ზედაპირს. თუმცა, ზუსტი რიცხვის დასადგენად ობიექტის ზომა და მასა არის გასათვალისწინებული. ამიტომაც, ჩინური კოსმოსური ხომალდის მხოლოდ 5.5-დან 9.9 ტონამდე დაეცემა მიწას.
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც Long March 5B მისიამ მსგავსი პრობლემა გამოიწვია. რაკეტის დებიუტი 2020 წლის 5 მაისს შედგა. ერთი კვირის შემდეგ, კი რაკეტის ნაწილი დასავლეთ აფრიკაში, კოტ-დ’ივუარის სანაპიროს დაეცა და დააბინძურა. Long March 5B-ის მეორე მისია კი 2021 წლის მაისში შედგა. რაკეტის ნარჩენები ინდოეთის ოკეანეში ჩავარდა.
იმის მიუხედავად, რომ არცერთი შემთხვევა ინციდენტით არ დასრულებულა, ხელოვნურ მეტეორს ადამიანებისა და ინფრასტრუქტურის დაზიანების დიდი შანსები აქვს. უკვე დიდი ხანია, რაც ექსპერტები ჩინეთის მიერ კოსმოსური „ნაგვით“ დედამიწის დაბინძურების გამო უკმაყოფილებას გამოთქვამენ.
სამეცნიერო ჟურნალ – Nature Astronomy-ში გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, მომდევნო 10 წელიწადში – კოსმოსში დარჩენილი რაკეტების ფრაგმენტების დიდი ნაწილი დედამიწაზე ჩამოვარდება. ხელოვნური მეტეორების დაცემის ლოკაცია კი ძირითადად დედამიწის სამხრეთი ნაწილი იქნება.