მაიკლ კოლინსი – დავიწყებული ასტრონავტი
Apollo 11-მა სრულიად შეცვალა კაცობრიობის ისტორია. 1969 წლის 21 ივლისს ნილ არმსტრონგი და ბაზ ოლდრინი გახდნენ პირველი ადამიანები, რომლებმაც მთვარეზე დადგეს ფეხი. მაგრამ, ხშირად, ბევრს ავიწყდება, რომ ლეგენდარულ მისიას მესამე წევრიც ჰყავდა – მაიკლ კოლინსი, ასტრონავტი, რომელმაც Apollo 11-ი დედამიწაზე დააბრუნა.
ლეგენდარული ასტრონავტი 1930 წლის 31 ოქტომბერს, რომში დაიბადა. ფრენის სიყვარული ბავშვობაშივე გაუჩნდა, როდესაც პილოტმა თვითმფრინავის ცოტახნით მართვის (უფროსების მეთვალყურეობით) უფლება მისცა.
მალევე მეორე მსოფლიო ომი დაიწყო და მისი ოჯახი იძულებული გახდა, რომ აშშ-ში გადასულიყო საცხოვრებლად. როგორც ცნობილია, მაიკლ კოლინსის დედას უნდოდა, რომ მაიკლს დიპლომატია ესწავლა, თუმცა მომავალი ასტრონავტი ოჯახის სხვა წევრების მაგალითს მიჰყვა და აშშ-ს სამხედრო აკადემიაში ჩააბარა. აქ სწავლობდნენ კოლინსის მამა და ძმა. და, ამავდროულად, მისი ბაბუა და ბიძებიც სამხედრო წოდებას ატარებდნენ.
იმის გამო, რომ ნეპოტიზმის ბრალდებებისთვის თავი აერიდებინა, მაიკლ კოლინსი თავდაპირველად აშშ-ს სამხედრო ძალებს ყველაზე დაბალი რანგით შეუერთდა. შემდეგ კი, ნიუ იორკიდან კალიფორნიაში გადავიდა საჰაერო ძალებში, პილოტად.
მაგრამ, რატომ NASA და ასტრონავტობა?
როგორც თვითონ იხსენებს, კოსმოსში გაფრენა Friendship 7-ის მისიამ (1962) მოანდომა, როდესაც ჯონ გლენი გახდა პირველი ამერიკელი, რომელმაც დედამიწას გარშემო შემოუფრინა. გლენის ფრენა 90 წუთი გაგრძელდა, მისი გავლენა კი მომავალ ასტრონავტებზე შეუფასებელი იყო.
როდესაც მაიკლ კოლინსმა ასტრონავტობაზე განაცხადი შეიტანა, მას უარი უთხრეს. თუმცა, NASA-მ 1963 წელს კიდევ ერთი მიღება გამოაცხადა. ამ დროისთვის, კოლინსს 3000 საათზე მეტი ჰქონდა ჰაერში გატარებული.
მაიკლ კოლინსი NASA-ს კოსმოსური პროგრამის მესამე ჯგუფში მოხვდა, 14 კაცს შორის. მალევე დაიწყო 240 საათიანი სალექციო კურსები კოსმოსურ ფრენებზე. როგორც კოლინსი იხსენებს, სხვა საგნებთან ერთად, მას გეოლოგიის სწავლაც უწევდა – რომელსაც ვერასდროს იგებდა და არც აინტერესებდა. წვრთნების ერთ-ერთი ხელმძღვანელი ალან შეპარდი იყო, რომელმაც 14-ეულს დაავალა სიის შედგენა, რომელშიც იმ ადამიანებს ჩამოწერდნენ, ვისთან ერთად გაფრენაც ენდომებოდათ. როგორც ცნობილია, მაიკლ კოლინსმა დეივიდ სკოტი აირჩია. მოგვიანებით, დეივიდ სკოტი ხდება მე-7 ადამიანი, რომელიც Apollo 15-ის მისიის ფარგლებში მთვარეზე დადგამს ფეხს.
თუმცა, დეივიდ სკოტი არ გახდება მაიკლ კოლინსის ეკიპაჟის წევრი. ამის ნაცვლად, ასტრონავტი პირველად კოსმოსში 1966 წელს, Gemini 10-ის მისიის ფარგლებში გაფრინდება ჯონ იანგთან ერთად. სწორედ ეს იყო მაიკლ კოლინსის პირველი კოსმოსური ფრენა. ის 3 დღე გაგრძელდა და ამ პერიოდში ხომალდში 15 სამეცნიერო ექსპერიმენტი ჩატარდა. Gemini-ის პროექტი იყო NASA-ს ადრეული მცდელობა Apollo-ს მისიებისთვის ნიადაგის მოსამზადებლად. აქ ისინი 2 კაციან ხომალდებს ტესტავდნენ.
1969 წლის 16 ივლისს, კი უკვე ნილ არმსტრონგთან და ბაზ ოლდრინთან ერთად, ის მთვარისკენ გაფრინდება. მაიკლ კოლინსი სამეთაურო მოდულის „კოლუმბიას“ პილოტი იყო, რომელიც მთვარის ზედაპირის მოდულთან „არწივთან“ უნდა გაერთიანებულიყო და ეკიპაჟის სხვა წევრები დედამიწაზე დაებრუნებინა.
„არწივი“ მთავრის ზედაპირზე 20 ივლისს დაჯდა, მაიკლ კოლინსი კი მთვარის ორბიტაზე დარჩა და იქ 21 საათი მარტომ გაატარა. ხოლო, როდესაც ის მთვარის უკანა მხარეს (რომელიც დედამიწიდან არ ჩანს) მოექცა, მან დედამიწასთან ყველანაირი რადიო კავშირი დაკარგა. სახლიდან 300 000 კმ-ზე მოშორებულმა, სრულ იზოლაციაში 45 წუთი გაატარა.
სწორედ ამიტომ, პრესამ მას „კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე ეული“ კაცი შეარქვა. თუმცა, როგორც კოლინსი ამბობდა, ეს ზედმეტსახელი მისთვის გაუგებარი იყო. რადგან, მთვარის მეორე მხარეს ყოფნისას თავი მარტოდ არ უგრძნია. თუმცა, „არწივის“ მოდულის ეკიპაჟზე კი ღელავდა. როგორც 2009 წელს, The Guardian-თვის მიცემულ ინტერვიუში იხსენებს, მას ჰქონდა დავალება, რომ ნილ არმსტრონგისა და ბაზ ოლდრინის მთვარის ზედაპირზე გარდაცვალების შემთხვევაში, მაიკლ კოლინსი დედამიწაზე მარტო დაბრუნებულიყო.
საბედნიეროდ, მოდულები „კოლუმბია“ და „არწივი“ 21 სექტემბერს გაერთიანდნენ, 24 სექტემბერს კი ასტრონავტები წყნარ ოკეანეში დაეშვნენ. Apollo 11-მა კარანტინში 18 დღე გაატარა შემდეგ კი 21 სხვადასხვა ქვეყანაში იმოგზაურა – მათ კოსმოსის შესწავლის სრულიად ახალ ეტაპს ჩაუყარეს საფუძველი.
როგორც ცნობილია, მაიკლ კოლინი იყო Apollo 11-ის ფორმის ცნობილი პაჩის ავტორიც. ლოგოზე არწივის გამოსახვის იდეა მას ჯეიმს ლოველმა მიაწოდა, როგორც აშშ-ს სიმბოლო. მაიკლ კოლინსმა კი მას დაამატა მთვარის ზედაპირი დედამიწის ფონზე და ზეთისხილის რტო, როგორც მშვიდობის სიმბოლო.
დედამიწაზე დაბრუნების შემდეგ, მაიკლ კოლინს ასტრონავტობა აღარ გაუგრძელებია. 1969 წელს, მას პრეზიდენტმა ნიქსონმა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტში შესთავაზა სამსახური, სადაც 3 წლის განმავლობაში მუშაობდა. თუმცა, მალევე ეროვნული საჰაერო და კოსმოსური მუზეუმის დირექტორი გახდა.
სიცოცხლის განმავლობაში, მაიკლ კოლინსმა 4 წიგნი დაწერა – მათ შორის, Apollo 11-ზე: Carrying the fire (1974) და ამერიკული კოსმოსური პროგრამების ისტორია: LiftOff (1988).
ლეგენდარული ასტრონავტი 2021 წელს ფლორიდაში, 90 წლის ასაკში გარდაიცვალა.