რას მიირთმევენ ასტრონავტები კოსმოსურ ხომალდზე ყოფნისას?
კოსმოსური ეპოქის დაწყებიდან კოსმოსური საკვებმა განვითარების დიდი გზა განვლო. Mercury-ის პროგრამის ასტრონავტებს პიურედ და კუბებად ქცეული საჭმლის ჭამა უწევდათ. Ჯონ გლენი, პირველი ამერიკელი, რომელმაც დედამიწას შემოუარა, იყო ასევე პირველი ასტრონავტი, რომელმაც დაამტკიცა, რომ მიკროგრავიტაციის პირობებში საჭმლის მონელება შესაძლებელია. Gemini-ის მისიისას, ასტრონავტებისთვის ე.წ “გაყინული-მშრალი” საჭმელი და ფხვნილად ქცეული სასმელები უკვე ხელმისაწვდომი იყო და მათი ცივ წყალთან შერევა შეიძლებოდა. Apollo-ს მისიისას კი ხომალდზე ყოფნისას ასტრონავტებს უკვე ცხელ წყალთანაც ჰქონდათ წვდომა.
Საჭმელი, რომელსაც კოსმოსში ყოფნისას NASA-ს ასტრონავტები მიირთმევენ, ტეხასში, ჯონსონის კოსმოსურ ცენტრში მზადდება. გაფრენამდე, ასტრონავტებს შეუძლიათ წინასწარ შეარჩიონ კოსმოსური მენიუ, ლაბორატორია კი მათი პრეფერენციების გათვალისწინებით ისეთ საკვებს ქმნის, რომელიც შეესაბამება ინდივიდის ნუტრიციულ და კალორიულ მოთხოვნებს. ამავდროულად, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ საკვები გრძელვადიანი მისიებისთვის უნდა იყოს გამოსადეგი, ანუ მათი მიღება რამდენიმე თვის ან წლის შემდეგ უსაფრთხო უნდა იყოს და ოთახის ტემპერატურაზე არ ფუჭდებოდეს.
თუმცა, ამის მიღწევა მარტივი არ არის. Სწორედ ამისთვის შეიქმნა ე.წ “გაყინული-მშრალი” კონსერვაციის პროცესი. თავდაპირველად, საჭიროა მომზადებული საკვების მინუს 40 გრადუსზე გაყინვა, რის შემდეგადაც მას ვაკუუმის აპარატში ათავსებენ და ათბობენ. ამ დროს, წყლის გაყინული კონტენტი ორთქლდება, ვაკუუმის აპარატი კი სრულიად აცალკევებს წყალს საკვებისგან. Ხშირად, ამ პროცესს საკვების “დროში გაყინვას” ადარებენ. Ასევე უნდა გვახსოვდეს, რომ საკვების გაყინვა-გამოშრობისას ბაქტერიების დიდი ნაწილი ნადგურდება, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ დარჩენილი ბაქტერიებს გამრავლება და საჭმლის გაფუჭება არ შეუძლია.
კიდევ ერთი უპირატესობა, რაც “გაყინვა-გამოშრობის” ტექნიკას გააჩნია არის ის, რომ წყლის მასის აორთქლების შემდეგ, საკვები ბევრად მსუბუქდება, წყალთან კონტაქტის შემდეგ კი თავდაპირველ სახეს და სიჯანსაღეს იბრუნებს.
კიდევ ერთი მეთოდი, რომლითაც კოსმოსურ საჭმელს ამუშავებენ, არის თერმოსტაბილიზაცია, როდესაც საკვებს მაღალი ტემპერატურითა და წნევით აკონსერვებენ. ამ პროცესისას საჭმელში ისეთი ბაქტერიები ნადგურდება, რომლებსაც მისი გაფუჭება შეუძლიათ. Თუმცა, დაკონსერვებული კოსმოსური საჭმელი უფრო რუსული როსკოსმოსის ტრადიციაა.
ასტრონავტების ყოველდღიური მენიუ მხოლოდ შეფუთული, გამომშრალი საკვებისგან არ შედგება. კოსმოსურ ხომალდებში ხელმისაწვდომია თხილეულობა, კანფეტები, ნამცხვრები და სხვადასხვა ტიპის ტკბილეულობა. უბრალოდ, ყველა მათგანი წინასწარ არის შეფუთული ლაბორატორიებში.
ყველაფერი აქ არ სრულდება. კოსმოსურ ხომალდზე კეტჩუპს, მაიონეზს, მდოგვს და სხვადასხვა ტიპის საკაზმს აუცილებლად შეხვდებით. Მნიშვნელოვანია, რომ კოსმოსში მყოფმა ასტრონავტმა თავი კომფორტულად იგრძნოს. თუმცა, არის შეზღუდვებიც – მაგალითად, ხომალდზე მარილსა და პილპილი მხოლოდ თხევადი ფორმით თუ მოიპოვება. ეს შეზღუდვა იმან გამოიწვია, რომ მიკროგრავიტაციის პირობებში მარილისა და პილპილის მარცვლები შეიძლება გაიბნეს და სავენტილაციო სისტემაში, ხომალდის ძრავაში ან ასტრონავტის თვალში აღმოჩნდეს. ყველა მათგანს კი დიდი პრობლემების გამოწვევა შეუძლია. Სწორედ ამ მიზეზით, კოსმოსურ ხომალდზე ვერც პურს ვერ შეხვდებით.
NASA-ს ასტრონავტები დღეში 3-ჯერ მიირთმევენ – საუზმეს, ლანჩსა და სადილს. ყოველდღიურად განკუთვნილი საკვები სავსეა საჭირო ვიტამინებით, მინერალებითა და კალორიებით და ასტრონავტების მოთხოვნილებებზე არის დაფუძნებული. თუ ერთ მათგანს ყოველდღიურად 1900 კალორიის მიღება სჭირდება, მეორისთვის შეიძლება ეს რიცხვი 3200-მდე იწევდეს. ამიტომაც, კოსმოში გაფრენამდე წინასწარ ხდება ამ ყველაფრის დადგენა.
უკვე მარტივი მისახვედრია, რომ კოსმოსში საჭმელი შეფუთული ან დაკონსერვებული სახით მიდის. “Მშრალ-გაყინულ” საჭმელს კი აუცილებლად სჭირდება რეჰიდრირება, თუმცა ყველა კოსმოსურ ხომალდზე არის ხელმისაწვდომი წყალი (ცხელი თუ ცივი ფორმით), რეჰიდრირების შემდეგ კი საკვებს ისეთივე ფორმა აქვს, როგორიც კონსერვაციის პროცესის დაწყებამდე.
თუმცა, იმავეს თქმა შეუძლებელია გემოზე – მაგრამ, არა იმ მიზეზის გამო, რაც თქვენ გგონიათ:
არაგრავიტაციულ გარემოში ყოფნა სინუსის შეშუპებას იწვევს, რაც ასტრონავტებს სუნის აღქმის უნარს უქვეითებს, რაც თავისთავად გავლენას ახდენს გემოს რეცეპტორებზე. Სწორედ ამიტომ, ასტრონავტები კოსმოსში ყოფნისას ისეთი ტიპის საკვებს ანიჭებენ უპირატესობას, რომელსაც მძაფრი გემო გააჩნია.