Star Trek (ვარსკვლავური გზა), თუ არ გინახავთ, ცხოვრებაში ერთხელ მაინც გაგიგიათ მისი სახელი. სამეცნიერო ფანტასტიკური სატელევიზიო სერიალი ცნობილმა ამერიკელმა პროდიუსერმა ჯინ როდენბერიმ შექმნა, წლების განმავლობაში კი მილიონობით ფანი გაიჩინა.

სერიალის დებიუტი 1966 წლის 8 სექტემბერს NBC-ზე შედგა. მოქმედება 23-ე საუკუნის სამყაროში ხდება. ყველაფერს მომავლის საზოგადოება – „პლანეტების გაერთიანებული ფედერაცია“ (UFP) განაგებს. კონფლიქტისგან დაცლილ სამყაროში კაპიტანი კირკი და მისი ეკიპაჟი კოსმოსური ხომალდით – „Enterprise-ით“ მოგზაურობენ.

 

თუმცა, Star Trek-ის ყველაზე მიმზიდველი ნაწილი მომავლის ადამიანების კოსმოსური ოდისეა არ არის. როდენბერს სურდა, რომ თითოეული სერიაში მორალური თუ ეთიკური პრობლემები წამოეყენებინა. სწორედ ამიტომ, ეპიზოდები ეხება კულტურულ რეალობასა და კონფლიქტებს: ომსა და მშვიდობას, სექსიზმს, ადამიანის უფლებებს, რელიგიას, ეკონომიკას, ერთგულებას, რასიზმსა და ტექნოლოგიებს. ყველა იმ თემას, რომელიც 70-იანი წლების მსოფლიოში აქტუალური იყო.

Star Trekის ორიგინალური სერიალი მე-3 სეზონის შემდეგ დაიხურა დაბალი რეიტინგის გამო, თუმცა ფანების დიდი აქტიურობის წყალობით, ისტორია მალევე გაგრძელდა. დღეს კი Star Trek-ის გავლენა ჩვენს კულტურასა და ტექნოლოგიურ განვითარებაზე შეუფასებელია. იცოდით, რომ სწორედ ფანების აქტიურობით – 1976 წელს NASA-ს პირველი კოსმოსურ ხომალდის (შატლის) პროტოტიპს „Enterprise“დაარქვეს. (ხომალდი კოსმოსში არასოდეს გაუშვიათ).

 

კოსმოსურ ხომალდი „Enterprise“

ახლა კი წარმოგიდგენთ 3 ტექნოლოგიას, რომლის ინსპირაციის წყაროს Star Trek-ი გახდა.

  1. Communicator – კომუნიკატორი

კომუნიკატორი Star Trek-ის სამყაროში ისეთივე ფუნქციებით გამოირჩევა, როგორითაც თანამედროვე ტელეფონი. მისი საშუალებით ეკიპაჟის წევრები ერთმანეთს უკავშირდებიან და ინფორმაციას გადასცემენ. სწორედ კომუნიკატორს იყენებენ ეკიპაჟის წევრები, როდესაც იკარგებიან ან რაიმე პრობლემა ექმნებათ.

მარტინ კუპერი, ადამიანი, რომელმაც პირველი მობილური ტელეფონი გამოიგონა – სწორედ Star Trek-ის ეპიზოდს ასახელებს ინსპირაციის წყაროდ კაპიტანი კირკი კომუნიკატორს იყენებს ეკიპაჟის დაშავებული წევრის – სპოკის დასახმარებლად.

  1. Universal Translator (UT) – უნივერსალური თარჯიმანი

 უცხოპლანეტელებით სავსე სამყაროში მართლაც საჭიროა უნივერსალური თარჯიმნები, რომლებიც ყველა ენის გადათარგმნას შეძლებენ. სწორედ ასეთი მოწყობილობა არის UT, რომელიც უკავშირდება კომუნიკატორს,  ტვინის ტალღების სიხშირეს იჭერს და თარგმნის.

დღეს, უამრავი პროგრამა თუ აპლიკაცია არსებობს, რომელსაც მსოფლიოს ენების თარგმნა სინქრონულ რეჟიმში შეუძლია. მიუხედავად იმისა, რომ მათ ჯერ უნივერსალური სახე არ აქვთ, ბევრი არ დარჩა იმ დრომდე, როდესაც ერთი მოწყობილობის საშუალებით დედამიწის ნებისმიერ მოქალაქესთან შეძლებ კომუნიკაციას.

  1. Synthesizerსინთეზატორი

Star Trek-ში სინთეზატორი არის მანქანა, რომელსაც ეკიპაჟის წევრებისთვის საჭმლისა და წყლის სინთეზირება შეუძლია. მიუხედავად იმისა, რომ სინთეზატორის მიერ შექმნილი საჭმელი ხშირად დაპირისპირებასაც იწვევს, ის არის ხომალდზე საჭმლისა და წყლის მთავარი წყარო. მოგვიანებით მას ახალი ფუნქციებიც ემატება და სახელი ეცვლება. უკვე ახალ ტექნოლოგიას – რეპლიკატორს საჭიროების შემთხვევაში, ჟანგბადის შექმნა შეუძლია.

მიუხედავად იმისა, რომ თანამედროვე სამყაროში ასეთი ტიპის მანქანები ჯერ არ არსებობს – ალბათ მისი შექმნისგან ძალიან შორსაც არ ვართ. თანამედროვე 3D პრინტერების საშუალებით უამრავი რაიმის შექმნა არის შესაძლებელი – სამკაულებიდან დაწყებული, სახლებით დასრულებული.

Enterprise-ის მოგზაურობა ისევ გრძელდება.  ჩაუჯექით ორიგინალურ სერიას და იმოგზაურეთ კოსმოსში სფეისის კინოკლუბში !