Polaris Dawn-ის კერძო მისია SpaceX-ის ხომალდით კოსმოსში დეკემბერში გაფრინდება
Polaris-ის კერძო მისიის პირველი ფრენის სავარაუდო თარიღი ცნობილია. ამერიკელი ბიზნესმენის, ჯარედ ისააკმენის განცხადებით, ფრენა დეკემბერში განხორციელდება. მისიის ფარგლებში კი კოსმოსში გასვლა იგეგმება, რაც კერძო ფრენისას პირველად მოხდება.
ჯარედ ისააკმენმა, ახალი კოსმოსური პროგრამა ჯერ კიდევ ამ წლის თებერვალში დააანონსა. პროგრამაში ჩართულია SpaceX-იც. ფრენა სწორედ მათი კოსმოსური ხომალდით, Crew Dragon-ით განხორციელდება. ფრენაში კი ამერიკელ ბიზნესმენთან ერთად სამი SpaceX-ის ასტრონავტი მიიღებს მონაწილეობას.
ეს ჯარედ ისააკმენის პირველი კოსმოსური მისია არ არის. 2021 წელს მან Inspiration4-ის მისია დააფინანსა, რომლის ფარგლებშიც ასტრონავტებმა დედამიწის ორბიტაზე 3 დღე გაატარეს. Polaris-ის პროგრამის ფარგლებში, კი ამერიკელი ბიზნესმენი კოსმოსში 5 დღიან მისიაში მიიღებს მონაწილეობას.
Polaris Dawn-ის მისიას სამი მთავარი მიზანი გააჩნია. მის ფარგლებში, Crew Dragon-ი პირველად ეკიპაჟს დედამიწის ორბიტის ყველაზე შორეულ წერტილამდე გაიყვანს. ამასთან ერთად, ფრენისას გაიტესტება კომუნიკაცია SpaceX-ის სტარლინკის სატელიტურ ქსელთან.
მესამე, და ყველაზე ამბიციური მიზანი – ღია კოსმოსში გასვლაა. სწორედ ეს იქნება პირველი შემთხვევა, Crew Dragon-ისა და კერძო ფრენების ისტორიაში, როდესაც მისიის ეკიპაჟი ღია კოსმოსში გავა.
მთლიანობაში, მისიის ფარგლებში, 5 დღის განმავლობაში 35-ზე მეტი ექსპერიმენტი ჩატარდება. დროის უდიდესი ნაწილი კი ორბიტის ERA-ს შესწავლად დაეთმობა.
Polaris Dawn-ი არის პირველი მისია, Polaris-ის სამი მისიიდან, რომელიც კოსმოსში SpaceX-ის კოსმოსური ხომალდით პირველ ეკიპაჟიან ხომალდს გაიყვანს.