მერი ჯექსონი – ნასას პირველი შავკანიანი ქალი ინჟინერი
ცნობილია, რომ მერი ჯექსონი იმ ძალიან მნიშვნელოვან ქალთა ჯგუფის წევრი იყო, რომელთაც დიდი როლი შეასრულეს კოსმოსური სააგენტოს განვითარებაში და ამერიკელი ასტრონავტების კოსმოსში წარმატებით გაყვანაში. მერი ჯექსონი ასევე ქალთა უფლებებისთვის მებრძოლი მეცნიერი იყო. მისმა აქტიურობამ ტექნიკისა და ტექნოლოგიების სფეროში არაერთი აფროამერიკელი ქალისთვის გახსნა შესაძლებლობათა კარი.
მერი ჯექსონი 1921 წელს დაიბადა სამხრეთის ერთ-ერთ შტატში, ვირჯინიაში. აქ მაშინ ჯერ კიდევ მძვინვარებდა რასობრივი სეგრეგაცია და აფროამერიკელების უდიდესი უმრავლესობა სოფლის მეურნეობის სფეროში მუშაობდა.
გოგონამ წარჩინებით დაამთავრა შავკანიანებისთვის განკუთვნილი საშუალო სკოლა და მათემატიკა-ფიზიკის ბაკალავრის ხარისხი მიიღო ჰემპტონის უნივერსიტეტში, სადაც იმ დროს მხოლოდ შავკანიანი სტუდენტები სწავლობდნენ. მერი მუშაობდა მასწავლებლად, 1951 წელს კი მუშაობა დაიწყო აერონავტიკის ეროვნულ საკონსულტაციო კომიტეტში, ნასაში.
მის პოზიციას „მკვლევარი მათემატიკოსი“ ეწოდებოდა. მსგავს სპეციალისტებს დიდი რაოდენობით ქირაობდნენ, უამრავი გამოთვლის საწარმოებლად. საბოლოოდ, ეს კადრები კომპიუტერებმა ჩაანაცვლა. ამ დროისთვის, თეთრკანიანები და შავკანიანები სხვადასხვა ოთახებში მუშაობდნენ.
ორ წელიწადში, ნიჭიერ თანამშრომელს ყურადღება მიაქცია კაზიმეჟ ჩარნეცკიმ აეროდინამიკისა და ზებგერითი სიჩქარეების განყოფილებიდან და იგი აერიდინამიკურ მილზე სამუშაოდ მიიწვია, რომელიც თვითმფრინავების დატვირთვის იმიტაციისთვის იყო განკუთვნილი.
1958 წელს, მერი ჯექსონი უკვე ნასას ინჟინერია. ამისათვის, მას მათემატიკის მაგისტრის ხარისხი სჭირდებოდა. მის მისაღებად, მერიმ ორი წელი ისწავლა ვირჯინიის „თეთრ“ უნივერსიტეტში – განსაკუთრებული შუამდგომლობის გამო დაშვებული გამონაკლისის სახით.
პრეზიდენტ დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებით, 2019 წელს მერი ჯექსონი და მისი აფროამერიკელი კოლეგები – კრისტინა, ქეთრინ ჯონსონი და დროთი ვოგანი კონგრესის ოქროს მედლებით დააჯილდოვეს. ეს ქალები გახდნენ ამერიკული ბესტსელერის, „დაფარული ფიგურების“ მთავარი გმირები, რომლის საფუძველზეც 2016 წელს იმავე სახელწოდების ცნობილი ფილმი გადაიღეს.
მერი ჯექსონის სახელობის შტაბ-ბინა მდებარეობს ქუჩაზე, რომელსაც ასევე აფროამერიკელი მეცნიერი ქალების პატივსაცემად, “დაფარული ფიგურების” ქუჩა ერთი წლის წინ ეწოდა.
NASA-მ სამმართველოსთვის მერი ჯექსონის სახელის მინიჭების გადაწყვეტილება მიენაპოლისში აფროამერიკელი ჯორჯ ფლოიდის სიკვდილთან დაკავშირებით გააქტიურებული ანტირასისტული საპროტესტო მოძრაობის ფონზე მიიღო.
„ჩვენ პატივს მივაგებთ ქალების, აფროამერიკელების და ნებისმიერი წარმოშობის ადამიანების წვლილს, ვისი წყალობითაც, ნასას ისტორია ასეთი წარმატებული გახდა. მერი ჯექსონმა ბარიერების ნგრევას და აფროამერიკელებისთვის და ტექნოლოგიებისა და კონსტრუირების სფეროში ქალებისთვის ახალი შესაძლებლობების აღმოჩენას შეუწყო ხელი”, – განაცხადა ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ჯიმ ბრანდენსტაინმა.