NASA-ს მეცნიერებმა მთვარეზე აღმოაჩინეს გამოქვაბულები, რომლებშიც ადამიანისთვის უსაფრთხო ტემპერატურაა
კლიმატის კრიზისის გამო, დედამიწის გარშემო ტემპერატურა უფრო და უფრო იმატებს. თუმცა, ჩვენს სამყაროში არის ადგილი, სადაც ადამიანისთვის საცხოვრებლად ყველაზე კომფორტული ტემპერატურაა. ეს ადგილი კი მთვარეზე არსებობს.
მთვარის ზედაპირზე NASA-მ ისეთი ღრმულები აღმოაჩინა, რომლებშიც საშუალო ტემპერატურა 17 გრადუსი ცელსიუსია.
ახალი ინფორმაცია NASA-ს LRO-მ მთვარის შემსწავლელი ორბიტერისა და კომპიუტერული მოდელირების შედეგია. LRO კოსმოსში 2009 წელს გაუშვეს მთავრის ზედაპირის რუკის შედგენის მიზნით. თუმცა, მისი მოვალეობები დროთა განმავლობაში გაიზარდა და ახლა ის მთვარის გარემოსაც შეისწავლის.
მთვარის ზედაპირის ტემპერატურა ახლად აღმოჩენილი ღრმულებისგან სრულიად განსხვავდება. როგორც ვიცით, მთვარის ზედაპირზე დღის ტემპერატურა საშუალოდ 127 გრადუსი ცელსიუსია, ღამე კი -173 გრადუსი ცელსიუსამდე ეცემა.
ღრმულების თერმოსტაბილური გარემო, კი იდეალური თავშესაფარი შეიძლება იყოს ასტრონავტებისთვის. ტემპერატურის გარდა, იქ ნაკლებად აღწევს კოსმოსური გამოსხივება, მზის რადიაცია და მიკრომეტეორიტები.