სალი რაიდი – ქალები კოსმოსში
მიუხედავად იმისა, რომ კოსმოსის ეპოქა 60 წელზე მეტია, რაც დაიწყო – მასში ქალების წარმატების ისტორიების პოვნა რთულია და ხშირად, მათი სახელები დავიწყებას არის მიცემული.
ეს სალი რაიდია, პირველი ამერიკელი ქალი, რომელიც კოსმოსში გაფრინდა.
სალი რაიდი კალიფორნიაში, 1951 წლის 26 მაისს დაიბადა. ასტრონავტობამდე კი პროფესიონალი ჩოგბურთელი უნდოდა რომ ყოფილიყო. სწორედ ამიტომ, ის ადგილობრივ და ქვეყნის მასშტაბით ტურნირებში მუდმივად იღებდა მონაწილეობას. და, მეტიც, ამ სპორტში მას დიდ მომავალსაც უწინასწარმეტყველებდნენ.
თუმცა, როცა სრულწლოვანი გახდა, ჩოგბურთს თავი დაანება და სტენფორდის უნივერსიტეტში ჩააბარა. აქ ის, შექსპირთან ერთად კვანტურ მექანიკას სწავლობდა. და, იმ დროს, სალი რაიდი იყო ერთადერთი ქალი ფიზიკის ფაკულტეტზე. 1973 წელს მან ბაკალავრის ხარისხი მიიღო ფიზიკასა და ინგლისურ ენაში.
სწორედ სტენფორდში სწავლისას, საუნივერსიტეტო გაზეთში ამოიკითხა NASA-ს განცხადება, რომლის მიხედვითაც, კვლევითი ცენტრი კოსმოსური შატლის პროგრამისთვის ასტრონავტებს ეძებდა.
NASA-ს ახალი პროგრამის ფარგლებში კოსმოსში პირველი ამერიკელი ქალი ასტრონავტის გაშვება უნდოდა. ამ პერიოდში, კოსმოსში მხოლოდ ერთ ქალს – ვალენტინა ტერეშკოვას ეფრინა 1963 წელს. სალი რაიდმა NASA-ს სააპლიკაციო ფორმა განცხადების ნახვისთანავე შეავსო.
კოსმოსური შატლის პროგრამის ფარგლებში, NASA-მ 8079 აპლიკაცია მიიღო, აქედან კი მხოლოდ 208 აპლიკანტმა შეძლო შერჩევის შემდეგ ეტაპზე გადასვლა. მათ შორის იყო სალიც, რომელსაც პროგრამაში მოხვედრამდე მრავალი ტესტის გავლა მოუწია. მათ შორის იყო Rescue Ball-სი მოთავსება, რომელსაც გაუთვალისწინებელი შემთხვევებისას, ასტრონავტი ერთი შატლიდან მეორეში უნდა გადაეყვანა. თუმცა, ეს პატარა ხომალდი მხოლოდ პროტოტიპი იყო და რეალურ პროგრამაში არასდროს გამოუყენებიათ. ტესტირებისას კი იმის გაგება უნდოდათ, ჰქონდა თუ არა სალი რაიდს – კლაუსტროფობია.
საბოლოოდ, NASA-მ შეკრიბა – ჯგუფი 8, რომელიც მთლიანობაში 35 ასტრონავტისგან შედგებოდა. აქედან 6 – ქალი იყო, მათ შორის კი სალი რაიდიც.
ჯგუფი 8 თავს TFNG-ს უწოდებდა – რაც მათი არაოფიციალური სახელის – Thirty-Five New Guys-ის აბრევიატურაა. სწორედ ეს 35 ადამიანი იყვნენ ასტრონავტობის და ახალი შატლის პროგრამის კანდიდატები. თუმცა, წოდების მისაღებად მათ საჭირო წვრთნების გავლა მოუწიათ.
წვრთნებს შორის იყო NASA-ის T-38 Talon-ის (კლანჭის) საფრენი აპარატის მართვა, რაც რაიდს ისე მოეწონა, რომ ფრენის კერძო გაკვეთილებზე დაიწყო სიარული და ასტრონავტის წოდებამდე, ფრენის ლიცენზია მიიღო. საბოლოოდ, 1979 წელს, ჯგუფი 8-ის ყველა წევრმა წვრთნები წარმატებით დაასრულა. მალევე NASA-მ სალი რაიდი აარჩია პირველ ამერიკელ ქალად, რომელიც კოსმოსში გაფრინდებოდა.
სალის არჩევის მიზეზი მარტივი იყო – სწორედ მან მიიღო მონაწილეობა დისტანციურად ოპერირებული სისტემის შექმნაში, რომელიც ასტრონავტს საშუალებას აძლევდა, რომ შატლის გარეთ მიმდინარე ტექნიკური სამუშაოები შიგნიდან ემართა. ასევე, სალის მეგობრული ხასიათი და პროფესიონალიზმი იყო ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც მისი კოსმოსში გაგზავნა გადაწყვიტეს.
სალი რაიდის ახალმა მისიამ მალევე მიიპყრო ამერიკული მედიის ყურადღება. როგორც ცნობილია, მას 500-ზე მეტი დამოუკიდებელი ინტერვიუს შეთავაზება ჰქონდა, თუმცა ყველაზე უარი განაცხადა. კითხვებზე პასუხი მხოლოდ NASA-ს პრესკონფერენციაზე გასცა. კითხვები ძირითადად სალის ემოციურ მდგომარეობასა და რეპროდუქციულ ჯანმრთელობას შეეხებოდა, რადგან ბევრი თვლიდა, რომ ბიოლოგიური განსხვავებები ქალებს ასტრონავტობისთვის საჭირო უნარებში ხელს უშლიდა. შეფარული მიზოგინიის მიუხედავად, სალიმ განაცხადა, რომ თავს ისე ხედავდა, როგორც ასტრონავტს და ხელის შემშლელი ფაქტორები არ არსებობდა. თუმცა, ისიც ცნობილია, რომ ამ პერიოდში NASA ჯერ კიდევ ეჩვეოდა ქალ ასტრონავტებს. ამიტომაც, კოსმოსში გაგზავნამდე, NASA-ს ინჟინრებმა სალის მაკიაჟის კომპლექტის დამზადებაში სთხოვეს დახმარება. ინჟინრები ფიქრობდნენ, რომ კოსმოსში ყოფნისას – მაკიაჟით სავსე პატარა ჩანთა ასტრონავტს დასჭირდებოდა. და მეტიც, ალბათ ყველასთვის ცნობილი ისტორია, როდესაც 6 დღიან მისიაზე – სალი რაიდს კოსმოსში 100 ცალი ჰიგიენური საფენი გაატარეს.
კარგად ჩანს, რომ ქალისთვის ასტრონავტობა იმაზე მეტ დაბრკოლებასთან იყო დაკავშირებული, ვიდრე გვგონია. თუმცა, 1983 წლის 18 ივნისს, კენედის კოსმოსური ცენტრიდან Challenger-ის კოსმოსური შატლი აფრინდა და სალი რაიდი გახდა მსოფლიოში მესამე და ამერიკაში პირველი ქალი, რომელიც კოსმოსს ეწვია. მისი წარმატება კი მსოფლიოს გარშემო ბევრი ქალისთვის ინსპირაციის წყარო გახდა. როგორც ცნობილია, შატლის გაშვებას უამრავი ადამიანი ესწრებოდა. ბევრს კი წინასწარ სპეციალურად დამზადებული მაისურები ეცვათ, წარწერით: “Ride, Sally Ride”. ეს ფრაზა Wilsn Pickett-ის სიმღერის „Mustang Sally-ის“ ტექსტიდან იყო ამოღებული და სწორედ ასე უსურვებდნენ სალის წარმატებას. ამ მისიის ფარგლებში სალიმ კოსმოსში 2 სატელიტი გაიტანა.
თავისი კარიერის ფარგლებში, სალი რაიდი კოსმოსს ორჯერ ეწვია. STS-41-G-ის მისიისას, კი მას თან ახლდა კეტრინ სულივანი, რომელიც გახდა პირველი ამერიკელი ქალი, რომელიც ღია კოსმოსში გავიდა. ასევე, ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც კოსმოსში ორი ქალი ერთად იმყოფებოდა. ამ ფრენისას, სალი რაიდმა კოსმოსში 343 საათზე მეტი გაატარა. თან ჰქონდა ამელია ერჰარტის თეთრი აბრეშუმის შარფი, რომელსაც სიმბოლური მნიშვნელობა ჰქონდა.
სალი რაიდი კოსმოსში კიდევ ერთხელ უნდა გასულიყო 1986 წელს, თუმცა Challenger-ის კატასტროფის გამო STS-61-M-ის მისია შეჩერდა, შატლის ფრენები კი ორი წლით გადაიდო.
ამ ინციდენტის შემდეგ, სალი რაიდი ასტრონავტობას თავს ანებებს და სტენფორდში ბრუნდება, სადაც ახალ კვლევებზე იწყებს მუშაობას. ის ცდილობდა შეექმნა ისეთი მოწყობილობა, რომელიც კოსმოსიდან ბირთვული იარაღის აღმოჩენას შეძლებდა. თუმცა, ეს ის პერიოდია, როდესაც ცივი ომი დასრულებულია და ამიტომაც, მის კვლევას დიდი ყურადღება არავინ მიაქცია.
თუმცა, სალის აქტივობა ამით არ სრულდება. ჯერ კიდევ ასტრონავტობისას, ის საკუთარი ინიციატივით სვეტლანა სავიცკაიას ხვდება ბუდაპეშტში. სვეტლანა სავიცკაია იყო მეორე ქალი, რომელიც კოსმოსში გაფრინდა და პირველი, რომელიც ღია კოსმოსში გავიდა. როგორც ცნობილია, ასტრონავტები თითქმის 6 საათის განმავლობაში საუბრობდნენ და საჩუქრებიც კი გაცვალეს. სავიცკაიამ რაიდს რუსული თოჯინა, წიგნი და შარფი აჩუქა. სალიმ კი სამაჯური, რომლითაც კოსმოსში გაფრინდა და TFNG-ს ზედა.
სიცოცხლის განმავლობაში, რაიდი წერდა საბავშვო წიგნებს მეცნიერებასა და კოსმოსზე. იყო (ახლა უკვე) ყველაზე დიდი კოსმოსური ვებსაიტის – Space.com-ის პრეზიდენტი და Sally Ride Science-ის თანადამფუძნებელი. ეს არის არაკომერციული ორგანიზაცია, დღემდე ქმნის სამეცნიერო პროგრამებს სკოლის მოსწავლე გოგონებისთვის – მათ მეცნიერების, ტექნოლოგიების, ინჟინერიისა და მათემატიკის (STEM-ის საგნების) შესწავლაში ეხმარება.
სალი რაიდი 2012 წლის 23 ივლისს, 61 წლის ასაკში გარდაიცვალა. მისივე სურვილით, მისი გარდაცვალების შემდეგ გამჟღავნდა, რომ ტამ ო’შონესი, ამერიკელი მწერალი და პროფესიონალი ტენისის მოთამაშე 27 წლის განმავლობაში იყო მისი პარტნიორი. სწორედ ამან, სალი პირველ LGBTQ+ ასტრონავტად აქცია.
მთელი სიცოცხლის განმავლობაში სალი სტერეოტიპებს ამსხვრევდა და ყველანაირად ცდილობდა, რომ ქალებისთვის და პატარა გოგონებისთვის მაგალითი ყოფილიყო. დაემტკიცებინა, რომ STEM-ში წარმატების მიღწევა ქალებსაც შეეძლოთ და მეტიც, რომ კოსმოსი არ ცნობს გენდერულ საზღვრებს.