XX საუკუნის ფიზიკო-თეორეტიკოსებს შორის იგი არის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი და მოწინავე მეცნიერი, რომელიც ძირითადად მოღვაწეობდა კოსმოლოგიასა და კვანტურ გრავიტაციაში. ჰოკინგის მოსაზრებებმა შავი ხვრელებისა და დიდი აფეთქების თეორიის შესახებ მნიშვნელოვნად შეცვალა სამყაროს თანამედროვე აღქმის საწყისები.

სიმბოლურია და ჩვენც გეტყვით, რომ ბრიტანელი კოსმოლოგი, სრული სახელით, სტივენ უილიამ ჰოკინგი 1942 წლის 8 იანვარს, ინგლისის ქალაქ ოქსფორდში, სახელგანთქმული ასტრონომების ოჯახში, გალილეო გალილეის გარდაცვალების დღეს, ზუსტად 300 წლის შემდეგ დაიბადა. მისმა  ბრწყინვალე გონებამ, თანდაყოლილმა მაღალმა ინტელექტმა და აზროვნების გასაოცარმა უნარმა სტივენს შესაძლებლობა მისცა ასტრონომიის სფერო ღრმად გამოეკვლია და დიდი წვლილი შეეტანა მის განვითარებაში.

სტივენ ჰოკინგი ოქსფორდის საუნივერსიტეტო კოლეჯში სწავლობდა ფიზიკას, თუმცა როგორც ხშირად ხდება ხოლმე, მამამისი მედიცინის კურსზე გადასვლას აიძულებდა. ამის შემდეგ, კოსმოლოგიის შესასწავლად ჰოკინგი კემბრიჯის უნივერსიტეტში გადავიდა. სწორედ აქედან გადადგა პირველი ნაბიჯები საოცარი აღმოჩენებისკენ.

ახალგაზრდა მოტივირებული მეცნიერი კოსმოლოგიამ და ასტროფიზიკამ ძალიან გაიტაცა. მიუხედავად იმისა, რომ 1963 წელს, 21 წლის ჰოკინგს მოტონეირონული დაავადების დიაგნოზი დაუსვეს, სტივენს ამ სფეროს კვლევა არ შეუწყვეტია, მეტიც, იგი სუოლ უფრო და უფრო ღრმად ეცნობოდა ასტროფიზიკას და სვამდა კითხვებს.

თანამედროვე წყაროებსა და ლიტერატურაში ცნობილია, რომ ექიმების აზრით სტივენი სადოქტორო ნაშრომის დასრულებასაც ვერ მოასწრებდა, მას დიაგნოზის დასმიდან 2 წლის სიცოცხლეს უწინასწარმეტყველებდნენ თუმცა, ჰოკინგმა დაარღვია ყველანაირი პროგნოზი და არა მხოლოდ დოქტორის ხარისხი, არაარამედ დიდი მეცნიერის წოდება მიიღო.

ჰოკინგის ყველაზე დიდ აღმოჩენად და მიღწევად შავი ხვრელის და დიდი აფეთქების თეორიის სიცხადე ითვლება. ჰოკინგმა წამოაყენა მოსაზრება, რომ თუ სამყაროს აქვს დასაწყისი — დიდი აფეთქება, აუცილებლად ექნება დასასრულიც. კოლეგებთან მუშაობის დროს, სტივენი ხაზს უსვამდა მოსაზრებას, რომ თუ აინშტაინის ფარდობითობის თეორიის თანახმად, დრო და სივრცე სამყაროს დაბადებისას იწყება და შავ ხვრელებში მთავრდება, დღის წესრიგში უნდა დამდგარიყო ამავე თეორიისა და კვანტური თეორიის გაერთიანების საჭიროება.

მსჯელობის საფუძველზე, ჰოკინგმა დაასკვნა რომ ორივე თეორიის ერთობლივად გამოყენებით, შავი ხვრელები არ არიან წყნარი მშვიდი ობიექტები. ისინი გამოყოფენ გარკვეულ რადიაციას, რომელსაც მოგვიანებით „ჰოკინგის რადიაცია“ ეწოდეს. მეცნიერმა იწინასწარმეტყველა, რომ დიდი აფეთქების შემდეგ, წარმოიქმნა პროტონის ზომის შავი ხვრელები, რომლებსაც მართავდა როგორც ზოგადი ფარდობითობა, ისე კვანტური მექანიკა.

2014 წელს ჰოკინგმა თავისი თეორია განაგრძო და გაანმარტა, რომ მოვლენათა ჰორიზონტი არის ზონა შავ ხვრელთან, საიდან გაქცევაც არაფერს შეუძლია. ამის სანაცვლოდ შემოგვთავაზა, რომ იქ უნდა არსებობდეს „ხილული ჰორიზონტი“, რომელიც უნდა იცვლებოდეს შავ ხვრელში მიმდინარე კვანტური ცვლილებების შესაბამისად. ჰოკინგის აზრით, სამყაროს საზღვრები არ აქვს, დედამიწის მსგავსად. მიუხედავად იმისა, რომ თავად პლანეტას საზღვრები გააჩნია, მის გარშემო მოძრაობა შესაძლებელია უსაზღვროდ, უსასრულოდ, არასოდეს შეხვდებით კედელს, რომელსაც შეიძლება ეწოდოს „დასასრული“.

მისი დაავადების გაძლიერებასთან ერთად, ჰოკინგს გადაადგილება სულ უფრო უჭირდა და სავარძლის გამოყენება დაიწყო. უჭირდა ლაპარაკიც. 1985 წელს საჭირო გახდა ტრაქეაში სპეციალური მილის ჩადგმა, რამაც ჰოკინგს ლაპარაკის უნარი სრულად წაართვა.

კემბრიჯის უნივერსიტეტში შექმნილი სპეციალური მოწყობილობა სპეციფიკური პროგრამული უზრუნველყოფით, წარმოქმნიდა ჰოკინგის ელექტრონულ ხმას. ფიზიკოსი საჭირო სიტყვებს სახის კუნთების მოძრაობით არჩევდა, რასაც კომპიუტერი აღიქვამდა.

ჰოკინგის სამეცნიერო მოღვაწეობა ძირითადად მიმართულია დიდი აფეთქების ფიზიკური საფუძვლების ახსნასა და შავი ხვრელების შიგნით სივრცისა და დროის მნიშვნელოვანი დეფორმაციის გამოკვლევისკენ. თეორიის მიხედვით დრო და სივრცე შეიქმნა დიდი აფეთქების დროს. შედეგებმა მოითხოვა ფარდობითობის თეორიისა და კვანტური მექანიკის სინთეზი.

ჰოკინგის მთავარი მოსაზრების მიხედვით, შავი ხვრელები რეალური ობიექტებია. სამყაროს თუ აქვს დასაწყისი, აუცილებლად ექნება დასასრულიც. ეს არის უკიდეგანო უსასრულოო სივრცე, რომელშიც ადამიანის გონება არც თუ ისე უმწეოა.

დიდი მეცნიერის პირველი წიგნი „დროის მოკლე ისტორია“ 1988 წელს გამოქვეყნდა და ძალიან მალე იქცა მსოფლიო ბესტსელერად. წიგნში ჰოკინგის ცდილობს პასუხი გასცეს კითხვებს სამყაროს დაბადებისა და სიკვდილის შესახებ. იგი აღნიშნავს: „ცივილიზაციის გარიჟრაჟის შემდეგ, ადამიანთა უკმაყოფილებას იწვევდა აუხსნელი მოვლენები. თუმცა, მათ გააჩნდათ სამყაროში არსებული წესრიგის გაგების უნარი. დღეს ჯერ კიდევ აქტიურად ვილტვით გავიგოთ, რატომ ვართ აქ და საიდან მოვედით. კაცობრიობის ღრმა სურვილი შემეცნებისადმი საკმარისია იმისათვის, რათა მუდმივად ვიყოთ ძიებაში. ჩვენი მთავარი მიზანი კი სხვა არაფერია, თუ არა იმ სამყაროს სრული სურათის დახატვა, რომელშიც ვცხოვრობთ“.

2014 წელს გამოვიდა მხატვრული ფილმი ჰოკინგის ცხოვრების შესახებ. „ყველაფრის თეორია“ რომელმაც თავად მეცნიერის მოწონებაც დაიმსახურა და აღნიშნა, რომ ფილმი ზუსტად ასახავდა მის ცხოვრებას. დიდი მეცნიერი 2018 წელს, 76 წლის ასაკში გარდაიცვალა.