მზის ნათება / Sunshine
რეჟისორი: დენი ბოილი
მთავარ როლებში: კილიან მერფი, კრის ევანსი, როუზ ბირნი
გამოშვების წელი: 2007
მზე ვარსკვლავია და, როგორც ყველა ვარსკვლავი, ოდესმე ისიც ჩაქრება. თუმცა, რა მოხდება მაშინ, როდესაც კაცობრიობა ამ მოვლენის წინაშე აღმოჩნდება?
სწორედ ამ კითხვაზე პასუხის გაცემას ცდილობს ინგლისელი რეჟისორის, დენი ბოილის ფილმი „მზის ნათება“, რომელიც ეკრანებზე 2007 წელს გამოვიდა. ფილმი სამეცნიერო ფანტასტიკისა და ფსიქოლოგიური ტრილერის ჟანრებს აერთიანებს.
მოქმედება ახლო მომავალში, სულ რაღაც 2057 წელს ხდება, როდესაც მზე კვდება, ტემპერატურის დაცემის გამო, კი დედამიწა იყინება. მზის ხელახლა „ანთების“ მიზნით, დედამიწიდან 8 საერთაშორისო ასტრონავტისგან შემდგარი ხომალდი – Icarus II გაფრინდება, რომელსაც თან კოლოსალური კოსმოსური ბომბი მიაქვს. სწორედ ამ ბომბის მზეზე აფეთქებამ უნდა შეძლოს კაცობრიობის გადარჩენა.
თუმცა, როდესაც Icarus II-ი პლანეტა მერკურის გასცდება, ეკიპაჟი რადიოსიგნალს მიიღებს დაკარგული ხომალდისგან. Icarus I – კაცობრიობის გადარჩენის მისიის პირველი მცდელობა იყო, რომელიც Icarus II-მდე 7 წლით ადრე გაემგზავრა კოსმოსში და დაიკარგა. მზესთან ახლოს ყოფნის გამო, კი ხომალდის სიგნალი დედამიწამდე ვერ აღწევდა.
Icarus II-ი გადაწყვეტს, რომ მისიის ტრაექტორია შეცვალოს და მერკურიზე დაეშვას დაკარგული ხომალდის გადასარჩენად. ამავდროულად, მისიის წევრების აზრით, Icarus I-ის ბომბთან ერთად, მისიის წარმატების შანსები ბევრად გაიზრდება. თუმცა, დაკარგული ხომალდის ძიებისას დაშვებული შეცდომა, კაცობრიობის გადარჩენის უკანასკნელ შანს უდიდეს საფრთხეს უქმნის.
დენი ბოილის განცხადებით, ფილმის შექმნაზე გავლენა სტენლი კუბრიკის 2001 კოსმოსურმა ოდისეამ (1968), ანდრეი ტარკოვსკის „სოლარისმა“ (1972) და რიდლი სკოტის „უცხოპლანეტელმა“ (1979) მოახდინა.