როგორი უნდა იყოს პირველი ადამიანი, რომელიც კოსმოსში გაფრინდება? ალბათ, მაშინ, როდესაც კოსმოსური ეპოქა ჯერ კიდევ არ იყო დაწყებული, ამ კითხვაზე ყველას განსხვავებული პასუხი ჰქონდა. თუმცა, საბოლოოდ – პირველი ადამიანი კოსმოსში უნდა ყოფილიყო მშვიდი და თავდაჯერებული პილოტი, რომელიც მისიისას ისე იფუნქციონირებდა, როგორც არცერთი ადამიანი კაცობრიობის ისტორიაში.

ეს იური გაგარინია, საბჭოთა კავშირელი პილოტი, კოსმონავტი და პირველი ადამიანი კოსმოსში.

იური გაგარინი პატარა რუსულ სოფელში 1934 წლის 9 მარტს დაიბადა. და მიუხედავად იმისა, რომ არ ვიცით, სურდა თუ არა პატარა ასაკიდან კოსმოსში გაფრენა, ვიცით, რომ მას ბავშვობიდან მტკიცე ხასიათი ჰქონდა. როგორც ცნობილია, მეორე მსოფლიო ომისას, გერმანელმა ჯარისკაცებმა სწორედ ის სოფელი დაიკავეს, რომელშიც იური გაგარინი და მისი ოჯახი ცხოვრობდნენ. მომავალ კოსმონავტს კი გერმანელები ხშირად სცემდნენ, რადგან მათ მიერ მიცემულ დავალებებს არ ასრულებდა და მუდმივად ჯანყდებოდა.

მეორე მსოფლიო ომის დასრულებით მისი სოფელიც განთავისუფლდა. იური გაგარინი კი ხელოსნობით დაინტერესდა, 1951 წელს სახელოსნო სასწავლებელი და მუშა-ახალგაზრდობის სკოლა დაამთავრა. ავიაციით კი მოგვიანებით დაინტერესდა, 1955 წელს, როდესაც საავიაციო ტექნიკუმში დაიწყო სწავლა. 1957 წელს კი სოლო ფრენებიც დაიწყო. მალევე იური გაგარინს სსრკ-ს საჰაერო ძალების ლეიტენანტის წოდება მიანიჭეს. ამ დროს მას 166 საათი და 47 წუთი ჰქონდა ნაფრენი.

1959 წელს, მომავალმა კოსმონავტმა კოსმოსურ მისიაში მონაწილეობის სურვილი გამოთქვა – Luna 3-ის გაშვების შემდეგ. Luna 3-ი იყო საბჭოთა მთვარის პროგრამა, მესამე საბჭოთა ხომალდი მთვარეზე და პირველი, რომელმაც მთავრის შორეული მხარის ფოტო გადაიღო. იმის მიუხედავად, რომ ფოტო დაბალი ხარისხის იყო, ეს იყო პირველი შემთხვევა კაცობრიობის ისტორიაში, როდესაც მთვარის ეს მხარე ვნახეთ. როგორც ჩანს, ეს მიღწევა იური გაგარინის ინსპირაციის წყარო გახდა და კოსმოსურ პროგრამა – Vostok-ში მონაწილეობა გადაწყვიტა.

Vostok-ის პროგრამისთვის მას ფსიქოლოგიური და ფიზიკური ტესტირებების გავლა მოუწია. საბჭოთა კომისიის გადაწყვეტილებით, არჩეული პილოტები სხვადასხვა კატეგორიებს უნდა მორგებოდნენ – პილოტები უნდა ყოფილიყვნენ 25-დან 30 წლამდე, მათი წონა 72 კგ-ზე ნაკლები უნდა ყოფილიყო, სიმაღლე კი 170 სმ-ზე. იური გაგარინი შერჩევის კრიტერიუმებს იდეალურად მოერგო. როგორც ცნობილია, კოსმონავტი სიმაღლეში 157 სმ-ი იყო.

154 კვალიფიციური პილოტიდან, მხოლოდ 29-მ დააკმაყოფილა მოთხოვნები. საბოლოოდ, კი საბჭოთა კომისიამ მათგან მხოლოდ 20 პილოტი აარჩია.

გაგარინმა წვრთნები 1960 წელს დაიწყო. როგორც ცნობილია, ვარჯიშები იმდენად ინტენსიური იყო, რომ ალექსი ლეონოვმა ოლიმპიური თამაშებისთვის მოსამზადებელ წვრთნებს შეადარა. სხვადასხვა ვარჯიშს შორის იყო პარაშუტით ხტომა, როდესაც მომავალ კოსმონავტებს 40-50-ჯერ უწევდათ მაღალი და დაბალი ალტიტუდებიდან გადმოხტომა ხმელეთსა და წყალში.

წვრთნებისას პილოტებს პატარა ოთახებშიც კეტავდნენ, რომლებიც დროთა განმავლობაში ჟანგბადისგან იცლებოდა. სხვა წვრთნებისთვის კი ხმებისგან დახშულ ოთახებში ათავსებდნენ. ასეთ ოთახში გაგარინს, სრულ მარტოობაში 10 დღის გატარება მოუწია.

როგორც ცნობილია, იური გაგარინი სხვა პილოტებშიც დიდი პოპულარულობით სარგებლობდა. როდესაც ანონიმური გამოკითხვა ჩაატარეს, მისიის მონაწილეთა უდიდესმა ნაწილმა ( 3-ის გარდა), სწორედ გაგარინი დაასახელა იმ ადამიანად, რომელიც ფრენის კანდიდატი უნდა ყოფილიყო. მალევე კი მართლაც აირჩიეს იმ ადამიანად, რომელიც კაცობრიობის ისტორიაში პირველად, კოსმოსში გაფრინდებოდა.

ისტორიული ფრენა 1961 წლის 12 აპრილს, Vostok 1-ის კოსმოსური ხომალდით შედგა, რომელიც ბაიკონურის კოსმოდრომიდან აფრინდა. გაფრენისას გაგარინმა წარმოთქვა: „Поехали!“, რომელიც სოციალისტურ ბანაკში კოსმოსური ეპოქის დაწყების სიმბოლოდ იქცა.

 

იური გაგარინმა კოსმოსში 1 საათი და 48 წუთი გაატარა, დედამიწაზე კი ყაზახეთის ტერიტორიაზე დაეშვა. სწორედ ასე გახდა იური გაგარინი – პირველი ადამიანი, რომელიც კოსმოსში გაფრინდა და დედამიწას შემოუარა.

გაგარინი მალევე იქცა ხალხის გმირად, მალევე კი საბჭოთა კავშირის გმირის წოდება ოფიციალურად მიანიჭეს. მისი წარმატებული ფრენა იყო საბჭოთა კავშირის ტრიუმფი, თუმცა კაცობრიობის ამ ნაბიჯს მხოლოდ სსრკ-ში არ აღნიშნავდნენ. იური გაგარინი იქცა მსოფლიო სელებრითად, რომელზეც ყველა ქვეყნის გაზეთი წერდა. მსოფლიოს გარშემო ტურნეში მას დიდი დემონსტრაციებითა და ცერემონიალებით ხვდებოდნენ.

 

იური გაგარინი 1968 წლის 27 მარტს ტრაგიკულად, საწვრთნელი ფრენის დროს გარდაიცვალა. დასაფლავებულია მოსკოვში, წითელ მოედანზე. გაფრენის დღის პატივსაცემად, ყოველი წლის 12 აპრილს კოსმონავტისა და მსოფლიო ავიაციის საერთაშორისო დღე აღინიშნება. მისმა ფრენამ კი კაცობრიობის ისტორიის ახალი, ყველაზე ჯადოსნური – კოსმოსური ეპოქა დაიწყო, რომელიც მსოფლიოს ტექნოლოგიური განვითარებისა და კეთილდღეობის ერთ-ერთი მამოძრავებელი ძალაა.