IAU ახლად აღმოჩენილი ეგზოპლანეტებისთვის ისეთ სახელებს ეძებს, რომლებიც დედამიწაზე არსებულ კულტურებს ყველაზე კარგად წარმოაჩენს.

საერთაშორისო ასტრონომიული კავშირი (IAU) ახალ კონტესტს მართავს, რომლის ფარგლებშიც, ჯეიმს ვების მიერ აღმოჩენილ 20 ეგზოპლანეტას სახელებს შეურჩევენ.

IAU 1919 წლიდან არსებობს და სწორედ მათი გადაწყვეტილებით ერქმევა სახელები ციურ სხეულებს.

წლევანდელი შეჯიბრი NameExoWorlds 2022 ფართო მასებზეა გათვლილი და მასში მონაწილეობის მიღება ყველას შეუძლია. გამარჯვებულები კი 20 ეგზოპლანეტასთან ერთად სახელს მათ ვარსკვლავებსაც შეურჩევენ.

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად გუნდების შექმნა არის აუცილებელი, რომლებშიც პროფესიონალი და დამწყები ასტრონომები, მოყვარულები და სტუდენტები გაერთიანდებიან. გუნდებმა უნდა შეარჩიონ ერთი პლანეტარული სისტემა და წარადგინონ სახელი პლანეტისა და ვარსკვლავისთვის. აუცილებელია, რომ არჩეულ სახელს მოჰყვებოდეს კულტურული კონტექსტისა და მნიშვნელობის განმარტება. შეთავაზებების განთავსება შესაძლებელია როგორც წერილობითი, ასევე ვიდეო ფორმატით.

შეთავაზებული სახელები ასარჩევად 2 ეტაპს გაივლის. თავდაპირველად, NOCs-ი (IAU National Outreach Coordinators) გამოავლენს ფავორიტებსა და სათადარიგო სახელებს. ამათგან გამარჯვებულებს კი IAU-ს ყველა წევრი ქვეყნისგან შემდგარი შესარჩევი კომისია გამოავლენს.