კრის ჰადფილდი – თანამედროვე მისიები კოსმოსში
კოსმოსის ისტორიას მრავალი გმირი ჰყავს, რომელთა ფრენებმაც კაცობრიობის ისტორია სრულიად შეცვალა.
თანამედროვე სამყაროში კი ხშირად გვავიწყდება, რომ კოსმოსს დღესაც ჰყავს ახალი გმირები, რომელთა წვლილიც შეუფასებელია სამყაროს შეცნობაში.
ეს კრის ჰადფილდია, კანადელი ასტრონავტი, ინჟინერი, პილოტი და მუსიკოსი. მისი კოსმოსში გადაღებული ვიდეოები კი უკვე ასტრონომიის მოყვარულთა ახალი თაობის უდიდესი ინსპირაციის წყაროა.
კრის ჰადფილდი კანადაში, ონტარიოს პროვინციაში დაიბადა 1959 წლის 29 აგვისტოს. ფრენით და ასტრონავტობით 9 წლის ასაკში დდაინტერესდა, როდესაც მთვარეზე Apollo 11-ის დაშვებას უყურა. სწორედ ამიტომ, სკოლის დამთავრების შემდეგ ის კანადის საჰაერო ძალებს შეუერთდა, სადაც მექანიკური ინჟინერია ისწავლა.
1980-იან წლებში, კრის ჰადფილდი აშშ-ში იწყებს სწავლას – აშშ-ს საჰაერო თავდაცვის სატესტო პილოტთა სკოლაში, მალევე კი აშშ-ს საზღვაო დანაყოფს უერთდება და NASA-სთან იწყებს კვლევით თანამშრომლობას. ასტრონავტობამდე ის 70 სხვადასხვა საფრენი აპარატის პილოტი იყო.
კრის ჰადფილდის კოსმოსური კარიერა 1992 წელს იწყება, როდესაც მას კანადის ახალ ასტრონავტთა 4 კაციან ჯგუფში აირჩევენ. როგორც ცნობილია, აპლიკანტების რაოდენობა 5330-ს აღწევდა.
მალევე ჰადფილდი NASA-ს ჯონსონის კოსმოსურ ცენტრში მოხვდა, სადაც კოსმოსური შატლის ტექნიკურ პრობლემებზე დაიწყო მუშაობა. სწორედ მისი დახმარებით შეიქმნა შატლის შუშის კაბინა.
ასტრონავტი კოსმოსში პირველად 1995 წელს გაფრინდა. ეს იყო NASA-ს კოსმოსური შატლის რიგით მეორე მისია (STS-74), რომელიც რუსულ კოსმოსურ სადგურს – Mir-ს უერთდებოდა. ფრენისას, Atlantis-მა კოსმონავტებს 1000 კგ. საჭმელი, წყალი და ექსპერიმენტებისთვის საჭირო ხელსაწყოები მიაწოდა.
ჰადფილდის მეორე ფრენა 2001 წელს შედგა STS-100 მისიის ფარგლებში. 11 დღიანი ფრენისას კრის ჰადფილდი გახდა პირველი კანადელი, რომელიც ღია კოსმოსში გავიდა. ცნობილია, რომ აქ მხედველობის დაზიანება მიიღო, რის გამოც მცირე ხნის განმავლობაში ვერაფერს ვერ ხედავდა. მთლიანობაში ჰადფილდმა 14 საათი და 50 წუთი გაატარა ღია კოსმოსში და დედამიწას 10-ჯერ შემოუარა.
2012 წლის დეკემბერში კი ჰადფილდი კოსმოსში Soyuz TMA-07M მისიის ფარგლებში გაფრინდა და საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე რამდენიმე თვე გაატარა. სწორედ ამ მისიისას გახდა ის სოციალური მედიის ვარსკვლავი. ასტრონავტი ხშირად პოსტავდა კოსმოსიდან გადაღებულ სურათებს და მისიის პერიოდში რამდენიმე სატელევიზიო გადაცემის სტუმარიც იყო. განსაკუთრებული პოპულარულობა კი კოსმოსურ სადგურზე გიტარის დაკვრის ვიდეოთი დაიმსახურა. კრის ჰადფილდა ISS-ზე ყოფნის პერიოდში მუსიკალური ალბომი ჩაწერა.
ალბომს სახელად Space Sessions: Songs From A Tin Can ერქვა და ის ოფიციალურად დედამიწაზე დაბრუნების შემდეგ, 2015 წელს გამოვიდა. ხოლო Jewel in the Night გახდა პირველი სიმღერა, რომელიც კოსმოსში ჩაიწერა. ასტრონავტმა ის 2012 წლის შობის საღამოს Youtube პლატფორმაზე განათავსა. საერთაშორისო სადგური კი David Bowie-ს Space Oddity-ს თანხლებით დატოვა. კრის ჰადფილდი დედამიწაზე 2013 წლის მაისში დაბრუნდა.
ჰადფილდმა ასტრონავტობას თავი დედამიწაზე დაბრუნებიდან მალევე დაანება. ასე დასრულდა მისი 35 წლიანი მფრინავისა და ასტრონავტის კარიერა. თუმცა, კოსმოსში ყოფნისას შექმნილმა კონტენტმა მთელი ინტერნეტ სივრცე მოიცვა და კოსმოსთან უფრო დაგვაახლოვა. მეტიც, მისი ვიდეოები მრავალი ახალგაზრდა კოსმოსის მოყვარულის ინსპირაციის წყარო გახდა.
კრის ჰადფილს გამოშვებული აქვს ავტობიოგრაფიული წიგნი: „- An Astronaut’s Guide to Life on Earth: What Going to Space Taught Me About Ingenuity, Determination, and Being Prepared for Anything“ – რომელშიც პროფესიულ ცხოვრებასა და სამუშაოზე საუბრობს. წიგნი New York Times-ის ბესტსელერი გახდა.
2021 წლის 9 თებერვალს, ბრიტანელი მილიარდერის, რიჩარდ ბრენსონის კომპანიამ – Virgin Galactic-მა გამოაცხადა, რომ ჰადფილდი კომპანიას უერთდებოდა.