Artemis I მთვარეზე ნოემბერში გაფრინდება
Artemis I-ი მთვარეზე ნოემბერში გაფრინდება. NASA ამის მიზეზად კი ქარიშხალ „იანს“ ასახელებს, რომელიც აშშ-ს დაატყდა თავს.
NASA-მ ჯერ კიდევ 30 სექტემბერს ოფიციალურად განაცხადა, რომ მოსალოდნელი შტორმის გამო, მსოფლიოში უძლიერესი მეგა-რაკეტა SLS (Space Launch System) და კაფსულა Orion-ი უსაფრთხო ადგილას იქნა გადატანილი. ტრანსპორტირებისას კი არცერთი მათგანი არ დაზიანებულა. შტორმს ასევე არ დაუზიანებია კენედის სახელობის კოსმოსური სადგური.
მთვარეზე ადამიანის დაბრუნების პროგრამა ახალ სტარტს ნოემბერში აიღებს, გაშვების სავარაუდო პერიოდი კი 12-27 ნოემბერია, თუმცა ზუსტი თარიღი ჯერ უცნობია.
ოფიციალური განცხადების მიხედვით, NASA უარს ამბობს ოქტომბრის გაშვების პერიოდის გამოყენებაზე – რადგან, გასაშვებ სადგურზე რაკეტის დაბრუნება დიდ დროსთან არის დაკავშირებული. ასევე, საჭიროა, რომ თავიდან ჩატარდეს ხომალდის სრული დათვალიერება ტექნიკური პრობლემების გამოსარიცხად.
შეგახსენებთ, რომ Artemis-ის პროგრამის ფარგლებში NASA მთვარეზე პირველი ქალისა და ფერადკანიანი ასტრონავტის გაგზავნას გეგმავს. პროგრამის მთავარი მიზანი კი მთვარეზე კოსმოსური ბანაკის დაარსებაა, სადაც შესაძლებელი იქნება ახალი აღმოჩენების გაკეთება და ტექნოლოგიების გამოცდა. საბოლოოდ, კი მთვარის ბანაკი იქნება გზა მარსის კოლონიზაციისკენ.
Artemis 1-ის წარმატების შემთხვევაში NASA იმედოვნებს, რომ უკვე ეკიპაჟიანი Artemis 2-ი ორბიტალურ მისიას 2024 წელს შეუდგება. ადამიანი მთვარეზე კი 2025 წლისთვის დაბრუნდება.