იმის მიუხედავად, რომ ბევრს მარსზე მოგზაურობა შორეულ ზღაპრად ეჩვენება,  კაცობრიობა წითელი პლანეტის კოლონიზაციასთან ასე ახლოს არასოდეს ყოფილა.

მარსის ზედაპირზე წლების განმავლობაში ჩატარებული კვლევების შედეგად უკვე შესაძლებელია იმ ადგილების მონიშვნა, რომლებიც მომავალში შესაძლებელია რომ პოპულარულ ტურისტულ ლოკაციებად იქცეს.

მარსის ზედაპირი კონტრასტულია – აქ შეხვდებით დიდ ვულკანებს, ღრმა კანიონებს და კრატერებსაც კი, რომლებშიც წყალი არსებობდა. ასეთი ადგილები, გეოლოგიური თავისებურებების გამო, საცხოვრებლად ნაკლებად გამოდგება. თუმცა, მათი მონახულება მართლაც რომ საინტერესო იქნება.

ახლა კი გადავხედოთ იმ ლოკაციებს, რომელთა მონახულება შეიძლება მომავალში შეძლოთ:

 

ოლიმპის მთა

ოლიმპის მთა მზის სისტემის ყველაზე დიდი ვულკანია.  სახელი ანტიკური ბერძნული მითოლოგიიდან არის შერჩეული – ოლიმპოს მთაზე ბერძენი ღმერთები ცხოვრობდნენ.

რაც შეეხება წითელი პლანეტის ოლიმპოს – ის ჩამქრალი ვულკანია. მისი დიამეტრი 624 კმ-ია, სიმაღლე კი 25 კმ-ს შეადგენს. ეს იმას ნიშნავს, რომ ოლიმპოს მთა დედამიწის უმაღლეს მწვერვალზე – ევერესტზე თითქმის სამჯერ მაღალია.

მეცნიერების აზრით, ვულკანის ამხელა ზომას ის განაპირობებს, რომ მარსზე, დედამიწისგან განსხვავებით, სუსტი გრავიტაციაა. ამავდროულად, აქ ტექტონიკური ფილებიც ნაკლებად მოძრაობს – რაც ვულკანების სიმაღლის ზრდას უწყობს ხელს.

 

ვალეს მარინერისი

მზის სისტემაში ყველაზე მაღალი ვულკანის მსგავსად,  მზის სისტემის ყველაზე დიდი კანიონიც მარსზე მდებარეობს. NASA-ს მიხედვით, ვალეს მარინერისი დაახლოებით 3000 კილომეტრის სიგრძისაა. მასთან შედარებით, დედამიწის დიდი კანიონი (კოლორადო, აშშ) 4-ჯერ პატარაა.

მკვლევრებმა დაზუსტებით არ იციან, თუ როგორ შეიქმნა ვალეს მარინერისი – თუმცა, ყველაზე გავრცელებული თეორიის მიხედვით, რეგიონის ფორმირებისას, ვულკანურმა ლავამ მარსის ქერქის ამობურცვა გამოიწვია.

კანიონების უზარმაზარი სისტემა მარსის ეკვატორთან ახლოს არის გადაჭიმული. პირველად კი ის Mariner 9-ის ორბიტერმა აღმოაჩინა 1971 წელს.

 

ჩრდილოეთ და სამხრეთ პოლუსები

მარსის ჩრდილოეთ და სამხრეთ პოლუსები ყინულით არის დაფარული.  ჩრდილოეთ პოლუსის შესწავლა phoenix-ის ლენდერმა 2008 წელს შეძლო, ხოლო სამხრეთ პოლუსის შესახებ ინფორმაცია მხოლოდ ორბიტერებიდან გვაქვს. NASA-ს მიხედვით, ზამთარში ორივე მხარეს ისე ცივა, რომ ნახშირორჟანგი მარსის ზედაპირზე ყინულად იქცევა.

ეს პროცესი ზაფხულში პირიქით მიმდინარეობს – მშრალი ყინული ნახშირორჟანგად გადაიქცევა. ჩრდილოეთ ნახევარსფეროში თითქმის სრულიად ქრება, ამიტომაც მისგან მხოლოდ მცირეოდენი ყინულქუდი რჩება. სამხრეთ ნახევარსფეროში კი მყარი ნახშირორჟანგი სეზონების მიხედვით არ იცვლება.

ამ ცვლილებებს დიდი გავლენა აქვს მარსის კლიმატზე – განსაკუთრებით კი ქარზე.

 

გეილის კრატერი და შარპის მთა

გეილის კრატერი 2012 წელს გახდა ცნობილი, როდესაც მარსმავალმა- Curiosity -მა მასში წყლის კვალი აღმოაჩინა.

მარსმავალის კვლევებმა – დანალექი ქანების ანალიზმა აჩვენა, რომ დაახლოებით 3.5 მილიარდი წლის წინ გეილის კრატერში ტბა იყო. მტკნარი წყალი მასში კი ისეთ ქიმიურ ელემენტებს შეიცავდა, რომლებიც სიცოცხლის არსებობისთვის არის აუცილებელი – ნახშირბადი, წყალბადი, გოგირდი და ჟანგბადი.

მარსმავალმა ასევე აღმოაჩინა მეთანის კონცენტრაციის ცვლილება ატმოსფეროში, რომელიც სეზონების ცვლილებით იყო გამოწვეული. მეთანი ის ქიმიური ელემენტია, რომელსაც მიკრობები გამოიმუშავებენ.

ამ აღმოჩენებმა მეცნიერებში გააჩინეს ვარაუდი ამ ტერიტორიაზე სიცოცხლის არსებობის შესახებ. თუმცა საბოლოო პასუხი ჯერ უცნობია.

მედუზას ორმოები

მედუზას ორმოები მარსის ზედაპირის ერთ-ერთი ყველაზე უცნაური ლოკაციაა. ზოგიერთ ადამიანს სჯერა, რომ ისინი ზედაპირზე უცხოპლანეტური კოსმოსური ხომალდის დაჯახების შედეგად წარმოიქმნა. რა თქმა უნდა, ეს ვერსია მცდარია. მეცნიერები ფიქრობენ, რომ ორმოები უზარმაზარი ვულკანური ქანებია, რომლებმაც დროთა განმავლობაში, მარსის ზედაპირზე არსებული ქარების გამო ფორმა შეიცვალეს.

 

ჰეილის კრატერის ციცაბო ფერდობები

უძველესი მეტეორის ჩამოვარდნის ადგილას – ჰეილის კრატერი თითქმის 150 კმ-ზე არის გადაჭიმული. მისი სრულიად ციცაბო ფერდობები კი დღემდე ამოუხსნელ მოვლენად რჩევა. თუმცა, მარსმავლების სპექტროსკოპებმა ფერდობებთან წყლის ნიშნები დააფიქსირეს. სწორედ ამ აღმოჩენის შემდეგ, 2015 წელს, NASA-მ განაცხადა, რომ ფერდობის ფორმა წყლის უწყვეტმა ნაკადმა გამოიწვია.

მოგვიანებით, ეს შეხედულებაც შეიცვალა, რადგან ფერდობებისთვის ამ ფორმის მიცემა ასეულობით წლის განმავლობაში მოძრავ ქვიშასაც შეეძლო.

 

მოჩვენება დიუნები

მარსის ზედაპირის ფორმირებაზე ყველაზე დიდი გავლენა ქარმა მოახდინა, რადგან ატმოსფეროს შეთხელების შედეგად წყალი პლანეტის ზედაპირიდან აორთქლდა. თუმცა, წითელ პლანეტაზე ახლაც არის შესაძლებელი წარსულში არსებული წლის კვალის დანახვა – განსაკუთრებით მოჩვენება დიუნებში.

კვლევების მიხედვით ამ რეგიონში დიუნების სიმაღლე ათობით მეტრს აღწევდა. მოგვიანებით კი ისინი ლავამ ან წყალმა დაფარა. ძველი დიუნების დამსახურებით, ასევე შეგვიძლია იმის დადგენა, თუ რა მიმართულებით უბერავდა ქარი მარსის ზედაპირზე.

მეცნიერები ასევე ვარაუდობენ, რომ დიუნების დაფარულ ნაწილებში შეიძლება მიკრობებიც კი იმალებოდნენ, რადგან მათი სიღრმე იდეალურია ქარისა და რადიაციისგან დასაცავად.

წყარი: space.com