ჩვენს სამყაროში კოსმოსის ეპოქა XX საუკუნის 50-იანი წლების მიწურულს დაიწყო. მაშინ, როდესაც  ტექნოლოგია ისე განვითარდა, რომ ადამიანმა ღია კოსმოსში გაფრენა შეძლო. ამ ისტორიას თავისი ცნობილი გმირები ჰყავს, რომელთა შორის არის ალან შეპარდიც – პირველი ამერიკელი და მეორე ადამიანი, რომელიც კოსმოსში გაფრინდა.

ალან შეპარდი 1923 წლის 18 ნოემბერს ნიუ-ჰემფრიშის შტატში, ა.შ.შ-ში დაიბადა.

 

ახალგაზრდა ალან შეპარდი, ავიაციის სკოლა. 1946 წ.
ახალგაზრდა ალან შეპარდი, ავიაციის სკოლა (1946 წ.)

მომავალი ასტრონავტი ბავშვობიდანვე იყო გატაცებული ფრენით. ჯერ კიდევ სკოლაში სწავლის პერიოდში აწყობდა თვითმფრინავის პატარა მოდელებს. 1938 წელს საშობაო საჩუქრად უკვე რეალური თვითმფრინავის ბილეთი მიიღო. მომდევნო წლიდან კი მანჩესტერ-ბოსტონის რეგიონალურ აეროპორტში სხვადასხვა სამუშაოს შესრულება დაიწყო – ფრენის ან ფრენის გაკვეთილების სანაცვლოდ. და მიუხედავად იმისა, რომ სკოლის დამთავრების შემდეგ ის ა.შ.შ-ს საზღვაო ფლოტს შეუერთდა, მალევე მიიღო მფრინავის წოდება. სწორედ მისმა წარმატებულმა კარიერამ განაპირობა ის, რომ 1959 წელს ის ასტრონავტი გახდა.

მეტიც, ის იყო მერკურის შვიდეულის ნაწილი – NASA-ს და ა.შ.შ-ს პირველი ასტრონავტებიდან ერთ-ერთი. მასთან ერთად შვიდეულში იყვნენ კოსმოსის ისტორიის ისეთი მნიშვნელოვანი ფიგურები, როგორებიც არიან ჯონ გლენი (პირველი ამერიკელი, რომელმაც დედამიწას შემოუარა), სკოტ კარპენტერი, გორდონ კუპერი, ვირჯილ გრისომი, უოლტერ შირა და დონალდ სლეიტონი. სწორედ ამ ადამიანებით იწყება ამერიკული კოსმოსური მოგზაურობა.

 

მერკური 7-ის ასტრონავტები
მერკური 7-ის ასტრონავტები. უკან: ალან შეპარდი, ვირჯილ გრიმსონი, გორდონ კუპერი. წინ უოლტერ შირა, დონალდ სლეიტონი, ჯონ გლენი და სკოტ კარპენტერი (1960 წ.)

ალან შეპარდი კოსმოსში 1961 წლის 5 მაისს გაფრინდა მერკურის კოსმოსური ხომალდით. ასტრონავტმა კაფსულას – Freedom 7 დაარქვა, კოსმოსური მისიის მონაწილე 7 წევრის პატივსაცემად. ფრენა სულ 15 წუთი გაგრძელდა და 187 კილომეტრს მიაღწია. იმ დროისთვის ეს ა.შ.შ-სთვის იყო უდიდესი გამარჯვება კოსმოსურ  რბოლაში, ხოლო კაცობრიობისთვის კოსმოსის ათვისების კიდევ ერთი წარმატებული მცდელობა.

 

ატლანტის ოკეანის ფოტო Freedom 7-დან
ატლანტის ოკეანის ფოტო Freedom 7-დან (1961 წ.)

 

მერკურის მისიიდან დაბრუნებული ალან შეპარდი.
მერკურის მისიიდან დაბრუნებული ალან შეპარდი

უკან დაბრუნებულმა ალან შეპარდმა პრეზიდენტი კენედისგან მიიღო ჯილდო გამორჩეული სამსახურისთვის, რაც NASA-ს ყველაზე მნიშვნელოვან ჯილდოდ ითვლება. ამავდროულად, სწორედ ის გახდა პირველი ასტრონავტი და მეორე ადამიანი, რომელმაც ეს პრემია დაიმსახურა.

 

ალან შეპარდი და ჯონ კენედი, ა.შ.შ-ს პრეზიდენტი (1961 წ.)
ალან შეპარდი და ჯონ კენედი, ა.შ.შ-ს პრეზიდენტი (1961 წ.)

ალან შეპარდის კოსმოსური ვოიაჟი ამით არ დასრულებულა. მისი მეორე კოსმოსური ფრენა აპოლო 14-ის მისია იყო. ასტრონავტი ამ შემთხვევაში მთვარეზე გაემგზავრა 1971 წლის 15 თებერვალს. სწორედ ის გახდა რიგით მე-5 ადამიანი, რომელმაც დედამიწის თანამგზავრის ზედაპირზე ფეხი დადგა.

 

აპოლო 14-ის ეკიპაჟის წევრები - სტიუარდ როსა, ალან შეპარდი, ედგარ მიტჩელი
აპოლო 14-ის ეკიპაჟის წევრები – სტიუარდ როსა, ალან შეპარდი, ედგარ მიტჩელი

მთვარეზე ყოფნისას, საკვლევი მასალების – ქვების შეგროვების გარდა, შეპარდმა კოსმოსური ექსპერიმენტიც ჩაატარა – მან მთვარეზე გოლფი ითამაშა. ექსპერიმენტის მიზანი იყო დაედგინათ, თუ რა მანძილზე გადავარდებოდა გოლფის ბურთი დაბალი გრავიტაციის პირობებში. ასტრონავტის დატოვებული გოლფის ბურთი დღესაც მთვარის ზედაპირზეა.

2 კოსმოსური მოგზაურობის შემდეგ, ალან შეპარდი მალევე ტოვებს NASA-ს და საკუთარ ბიზნეს იწყებს. 1994 წელს კი წიგნის – Moon Shot: The Inside Story of America’s Race to the Moon-ის“ თანაავტორი გახდება. ავტობიოგრაფიულ ნაწარმოებში ასტრონავტი მთვარეზე მოგზაურობის ისტორიას გვიყვება. ცნობილია, რომ წიგნის შესავალი დაწერა ნილ არმსტრონგმა – პირველმა ადამიანმა, რომელმაც მთვარეზე გაიარა.

ალან შეპარდი 1998 წელს გარდაიცვალა.