კარლ სეიგანი – ხალხის ასტრონომი
ალბათ, ცოტაა ისეთი მეცნიერი, რომელმაც საკუთარი დარგის ხალხისთვის ახსნა და შეყვარება ისე მარტივად შეძლო, როგორც კარლ სეიგანმა. პროფესიით ასტრონომი და ასტრო-ფიზიკოსი, თან მწერლობას და წამყვანობასაც ითვისებდა. მისი წიგნები და გადაცემა კოსმოსზე კი დღემდე პოპულარულია.
კარლ ედუარდ სეიგანი 1934 წლის 9 ნოემბერს ბრუკლინში, ნიუ-იორკში დაიბადა. წარმოშობით ებრაელი, მამამისი – სემუელ სეიგანი მკერავი იყო, ხოლო დედა რეიჩელ გრუბერი – დიასახლისი.
პატარა კარლ სეიგანის გატაცება მეცნიერებით 1939 წელს დაიწყო, 4 წლის ასაკში, როდესაც მშობლებმა ის ნიუ-იორკის მსოფლიო ბაზრობაზე წაიყვანეს. მისი თქმით, სწორედ ეს იყო მისი ცხოვრების გარდამტეხი მომენტი. როგორც ჩანს, მომავალი მეცნიერი ნიუ-იორკის სიდიადემ მოხიბლა, რადგან ის ამის მერე ინტერესდება ცათამბრჯენებით, მეცნიერებით, კოსმოსითა და ვარსკვლავებით. მის ახალ გატაცებას მშობლები მხარს უჭერდნენ – პატარაობიდანვე ჩუქნიდნენ სამეცნიერო წიგნებს, ქიმიის ლაბორატორიის სათამაშო აღჭურვილობას და სხვა.
ამიტომაც, გასაკვირი არ იყო, რომ სკოლის დასრულების შემდეგ კარლ სეიგანი მეცნიერების შესწავლას აგრძელებს. მან წლების განმავლობაში 3 სხვადასხვა სამეცნიერი ხარისხი მიიღო.
სეიგანი სწავლობდა ჩიკაგოს უნივერსიტეტში, სადაც მან ბაკალავრისა და მაგისტრის ხარისხსი მიიღო ფიზიკაში – 1955 და 1956 წელს, ხოლო დოქტორის ხარისხსი – ასტრონომიასა და ასტრო-ფიზიკაში 1960 წელს.
ამის შემდეგ კი ის მუშაობას კალიფორნიის უნივერსიტეტში იწყებს 1960 წლიდან 1962 წლამდე. ეს პერიოდი მნიშვნელოვანი იყო მისი კვლევებისთვის. სწორედ მაშინ გამოთქვა ახალგაზრდა მეცნიერმა აზრი, რომ პლანეტა ვენერას ზედაპირი მშრალი და ძალიან ცხელი იყო. ვენერადან წამოსულ რადიოსიგნალებზე დაყრდნობით კი დაადგინა, რომ პლანეტის ტემპერატურა 500 °C აღწევდა. იმ პერიოდში მას ბევრი აკრიტიკებდა, რადგან ვენერა დედამიწის მსგავს პლანეტად მიიჩნეოდა, სადაც სიცოცხლის არსებობის შესაძლებლობა იყო. თუმცა, ეს უკანასკნელი მოსაზრება მცდარი აღმოჩნდა. NASA-ს ვენერას მისიამ – „Mariner 2-მა“ ვენერას ატმოსფეროში შესვლის და ზედაპირზე დაჯდომის შემდეგ სრულიად დაადასტურა კარლ სეიგანის მოსაზრება. დღეისათვის, ვენერა მზის სისტემის ყველაზე ცხელ პლანეტად არის მიჩნეული.
1962 წელს კარლ სეიგანი ტოვებს კალიფორნიის უნივერსიტეტს და ჰარვარდში გადადის სამუშაოდ, სადაც ის 1968 წლამდე რჩება. ვენერას გარდა, მისი კვლევები სხვა პლანეტების ფიზიკურ მდგომარეობებსაც უკავშირდება. კარლ სეიგანი შეისწავლიდა იუპიტერის ატმოსფეროს და მის თანამგზავრებს. სწორედ მან ივარაუდა, რომ იუპიტერის ღრუბლებში შესაძლებელია სიცოცხლის არსებობა, რადგან სქელი ატმოსფერო ორგანულ მოლეკულებს შეიცავს. ასევე, ფიქრობდა, რომ იუპიტერის თანამგზავრის, ევროპას ქვეშ წყლის ოკეანე არსებობდა. შემდგომში ეს მოსაზრება გალილეოს მისიისას დადასტურდა.
თუმცა, აქ არ სრულდება კარლ სეიგანის მიგნებები. მის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან კვლევად მარსის ზედაპირის კვლევა მიიჩნევა. მანამდე მეცნიერებაში გავრცელებული იყო აზრი, რომ მარსზე, ისევე როგორც დედამიწაზე სეზონები არსებობდა და ეს ცვლილებები პლანეტის ზედაპირზე აისახებოდა. სწორედ კარლ სეიგანი იყო ერთ-ერთი პირველი ასტრონომი, რომელმაც ეს მოსაზრება უარყო და დაამტკიცა, რომ მარსის ზედაპირის ცვლილება სეზონებს კი არა, ქარიშხლებს უკავშირდებოდა. ასევე, სწორედ ის დაეხმარა NASA-ს იმის განსაზღვრაში, თუ სად უნდა დამჯდარიყო ვიკინგის კოსმოსური ხომალდი მარსის ატმოსფეროში შესვლის შემდეგ.
კარლ სეიგანი ჰარვარდში მუშაობის პერიოდში უცხოპლანეტური სიცოცხლითაც ინტერესდება. სწორედ ის იყო ერთ-ერთი პირველი, რომელმაც ეს დარგი კონსპირაციული თეორიებიდან მეცნიერების დარგში აიყვანა და დახვეწა. მან სტენლი მილერისა და ჰაროლდ იურის კვლევებზე დაყრდნობით ჩაატარა ექსპერიმენტი – აჩვენა, რომ ამინო და ნუკლეინის მჟავები შეიძლება შექმნილიყო რადიაციულ გარემოშიც. ბოლომდე სჯეროდა, რომ სიცოცხლე დედამიწის გარდა სხვაგანაც არსებობს. 1997 წელს ფილმი Contact-ის ინსპირაციის წყარო გახდა სეიგანის ამავე სახელობის წიგნი. ფართოდ გავცელებული იმ იდეის მიუხედავად, რომ უცხოპლანეტელები კაცობრიობას განადგურებას მოუტანდნენ, სეიგანს სჯეროდა და ამბობდა, რომ ისინი მეგობრული არსებები იქნებოდნენ. თუმცა, იმასაც აღიარებდა, რომ უცხოპლანეტელების დედამიწაზე ვიზიტის შანსი ძალიან დაბალი იყო.
კარლ სეიგანმა ვოიაჯერის მისიისთვის გასატანებელ ოქროს დისკის შერჩევაშიც მიიღო მონაწილეობა. ალბათ, ყველას გვახსოვს, რომ სწორედ ამ ფირზე, სხვა სიმღერებს შორის, მოხვდა ქართული „ჩაკრულო“, რომელიც 1977 წლიდან ღია კოსმოსში მოგზაურობს.
1968 წელს ის ჰარვარდის უნივერსიტეტს ტოვებს და კორნელის უნივერსიტეტში გადადის, სადაც სიცოცხლის ბოლომდე მოღვაწეობს. აქ ის ლექტორი და ლაბორატორიის დირექტორი ხდება.
თავისი მოღვაწეობის განმავლობაში მეცნიერმა 20 წიგნი გამოსცა. მათ შორის, ყველაზე ცნობილი „კოსმოსი“, რომელიც მარტივი მეცნიერული ენით სამყაროს წარმოშობას და უსაზღვრო სამყაროს აღწერს. წიგნი ქართულ ენაზეც არის ნათარგმნი.
წიგნი სატელევიზიო გადაცემა – „კოსმოსი – პერსონალური მოგზაურობის“ გაგრძელებაა, რომელიც ჯერ კიდევ 1980 წელს გამოვიდა ეკრანებზე. სერიალის პროდიუსერი და სცენარისტი ენ დრიუნტან ერთად კარლ სეიგანიც იყო.
სერიალმა მალევე დაიმსახურა მოწონება. ის 60-ზე მეტ ქვეყანაში აჩვენეს და 500 მილიონზე მეტმა ადამიანმა ნახა. 1980 წელს მან 2 ემიც დაიმსახურა.
მეცნიერს სხვადასხვა სფეროში 13 ჯილდო აქვს მიღებული. მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანი „პულიცერის პრემია“, (1977) რომელიც ითვლება უმაღლეს დამსახურებად ბეჭდვით მედიაში. მას ეს ჯილდო „ედემის დრაკონებისთვის“ მიიღო, რომელიც ამავე წელს გამოიცა.
კარლ სეიგანის გადმოცემის მარტივი სტილი იყო იმის საფუძველი, რომ მეცნიერების ეს რთული დარგი ხალხისთვის გასაგები და საინტერესო გახდა. სწორედ ამიტომ შეარქვეს მას „ხალხის ასტრონომი“. კარლ სეიგანი 80-იანი წლების ამერიკის ყველაზე პოპულარული მეცნიერი მიიჩნევა. გარდაიცვალა 1996 წელს, 62 წლის ასაკში.
„კოსმოსი – პერსონალური მგზაურობა“ სერიების სანახავად ეწვიეთ: