კოსმოლოგია – სფერო, რომელმაც ადამიანის ინტერესი უხსოვარი დროიდან გამოიწვია. მრავალი ათწლეულების მანძილზე, კოსმოლოგიით ინტერესდებოდნენ უძველესი ტომები, თემები და ზოგადად, ჩვენი პლანეტის მკვიდრი მოსახლეობა. კოსმოლოგიას უკავშირებდნენ მითებს, ლეგენდებსა და ტრადიციებს.

კოსმოლოგია სიტყვა სიტყვით სამყაროს შეცნობის შემსწავლელი დისციპლინაა, რომელშიც უამრავ მეცნიერსა და ასტრონომს მიუძღვის წვლილი. ერთ-ერთი მათგანი ამერიკელი ასტრონომი ედუინ ჰაბლია. დღეს ჩვენ სწორედ მის შესახებ მოგიყებით.

ედუინ ჰაბლის სახელი ფართო აუდიტორიამ ცნობილი ‘’ჰაბლის ტელესკოპით’’ დაიმახსოვრა. ტელესკოპმა, რომელმაც მთელ სამყაროს კოსმოსის მშვენიერების არა ერთი თვალწარმტაცი ფოტო აჩვენა. ჰაბლის სახელს უკავშირდება ,,ჰაბლის კანონიც’’, რომელიც მეცნიერის მიერ დადგენილი ემპირული კანონზომიერებაა. ‘’ჰაბლის კანონის’’ მიხედვით გალაქტიკების სპექტრების წითელი წანაცვლება ამ ობიექტამდე მანძილის პროპორციულია. სწორედ ეს უკანასკნელი ითვლება ასტრონომის ერთ-ერთ ყველაზე დიდ აღმოჩენად.

ედუინ ჰაბლი 1889 წლის 20 ნოემბერს, მარშფილდში, მისურის შტატში დაიბადა. სწავლის ადრეულ წლებში ჰაბლის მამას არც კი უფიქრია, რომ მისი ვაჟი ასტრონომიით დაინტერესდებოდა. ჰაბლმა თავისი ახალგაზრდობა კალათბურთის, ფეხბურთის, ბეისბოლისა და კრივის თამაშში, ხოლო პარალელურად სამეცნიერო ფანტასტიკური რომანების კითხვაში გაატარა. იტაცებდა ფანტასტიკა, სამყარო და კოსმოსი, თუმცა ამ კუთხით უმაღლესი განათლების მიღება არ გადაუწყვვიტავს, მისი მიზანი სამართლის ფაკულტეტზე, იურიდიულ მიმართულებებზე სწავლა იყო.


ცნობისმოყვარეობამ და თანდაყოლილმა ინტერესმა ჰაბლს აზრი შეაცვლევინა და ედუინმა 1906 წელს ჩიკაგოს უნივერსიტეტში ბაკალავრის ხარისხი მათემატიკასა და ასტრონომიაში მოიპოვა. აქედან დაიწყო მისი პირველი ნაბიჯები კოსმოლოგიაში.

ჰაბლი ფიქრობდა: ,,ხუთი გრძნობის მქონე ადამიანი იკვლევს მის გარშემო არსებულ სამყაროს და თავგადასავალს მეცნიერებას უწოდებს. სამყაროს საზღვრების ზრდასთან ერთად, ჩვენი ცოდნა ქრება და თანაც ძალიან სწრაფად ქრება’’.

მისი პირველი და ყველაზე დიდი აღმოჩენა სწორედ სამყაროს ცნებას უკავსირდება. ედუინ ჰაბლმა აღმოაჩინა, რომ XX საუკუნისთვის კარგად ცნობილი თეორია, რომ ჩვენს სამყაროში არსებობს ერთადერთი გალაქტიკა და მას ‘’ირმის ნახტომი’’ ეწოდება მცდარია.

1920-იან წლებში, ჰაბლმა ისტორია სამხრეთ კალიფორნიის, მაუნტ უილსონის 100 დიუმიანი ტელესკოპით დაიწერა. ჰაბლი ანდრომედას ნისლეულს აკვირდებოდა, რის შედეგადაც დაბნელებული, გალაქტიკის მსგავსი ვარსკვლავები პირველად შეამჩნია.

ერთ-ერთი ასეთი ვარსკვლავი იყო ცეფეიდის ცვლადი , რომლის გამოყენებაც ასტრონომებს მანძილის საზომად შეეძლოთ. ცეფეიდის ცვლადის აღმოჩენამ ჰაბლს საშუალება მისცა დაესკვნა, რომ ანდრომედას ნისლეული არ იყო ახლომდებარე ვარსკვლავური გროვა, არამედ სრულიად განსხვავებული გალაქტიკა. 1930-იანი წლებისთვის ასტრონომების უმეტესობა დარწმუნებული იყო, რომ ირმის ნახტომი სამყაროს მილიონებიდან მხოლოდ ერთ-ერთი იყო. თვით წარმოდგენა, რომ სამყაროში ერთზე მეტი გალაქტიკა არსებობდა იყო რევოლუციოური ნაბიჯი კოსმოლოგიაში, რომელმაც ჰაბლს გალილეოს შემდეგ უდიდესი ასტრონომის წოდება მოუტანა.


მარცხნიდან:  ანდრომედას გალაქტიკის ფოტოგრაფიული ფირფიტა, რომელზეც ედვინ ჰაბლმა ჯერ ნოვა აღნიშნა, შემდეგ გადაკვეთა და დაამატა “VAR!” როდესაც მან აღმოაჩინა, რომ ვარსკვლავი სინამდვილეში ცეფეიდის ცვლადი იყო. მარჯვნივ: ჰაბლის კოსმოსურმა ტელესკოპმა ხელახლა მოინახულა ჰაბლის ცნობილი ცეფეიდის ცვლადი ვარსკვლავი V1 2010 წლის დეკემბრიდან 2011 წლის იანვრამდე შორის.

იმის აღმოჩენა, რომ ჩვენი გალაქტიკა მარტო არ იყო, ჰაბლის მხოლოდ დასაწყისი იყო. ისტორია აქედეან კვლავ გრძელდება. ედუინმა განაგრძო მანძილებისა და სიჩქარის გაზომვა ღრმა სივრცეში და აღმოაჩინა, რომ რაც უფრო შორს არიან გალაქტიკები ერთმანეთისგან, მით უფრო სწრაფად შორდებიან ისინი ერთმანეთს. მისმა აღმოჩენებმა, რომელიც 1929 წელს გამოქვეყნდა გაამყარა მოსაზრება, რომ სამყარო ფართოვდება.

ალბერტ აინშტაინმა პირადად მადლობა გადაუხადა ჰაბლს მხარდაჭერისთვის. ვინაიდან ჰაბლის ნაბიჯები სწორად ეხმიანება ალბერტ აინშტაინის ფარდობითობის თეორიას.

ედუინ ჰაბლის სახელს უკავშირდება ‘’ჰაბლის კანონი’’ , რომელიც როგორც აღვნიშნეთ გალაქტიკების სპექტრების წითელი წანაცვლების ობიექტამდე მანძილის პროპორციულია.


ეს კანონი პირველად გამოიყვანა ჯორჯ ლემეტრმა 1927 წელს ფარდობითობის ზოგადი თეორიის განტოლებიდან.  კანონი მიიჩნევა გაფართოებადი სივრცის პარადიგმის პირველ საბაზისო დაკვირვებად და დღეს გამოიყენება, როგორც ერთ-ერთი ყველაზე ხშირად ხმობილი საბუთი დიდი აფეთქების მოდელში.

ორბიტაზე გატანილი კოსმოსური ტელესკოპი, რომელმაც სამყაროს და კოსმოსის უამრავი ფოტო გადაიღო არ იყო პირველი კოსმოსური ტელესკოპი, თუმცა აღიარებულია ასტრონომიის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან კვლევის ინსტრუმენტად. კოსმოსური ტელესკოპები შემოთავაზებული იქნა ჯერ კიდევ 1923 წელს, ხოლო ჰაბლის ტელესკოპი დააფინანსა და აშენდა 1970-იან წლებში შეერთებული შტატების კოსმოსური სააგენტოს NASA- ს მიერ. ჰაბლი ამჟამად მდებარეობს დედამიწის ზედაპირიდან დაახლოებით 340 მილის (547 კმ) სიმაღლეზე, სადაც ის ასრულებს 15 ორბიტას დღეში – დაახლოებით ერთს ყოველ 95 წუთში.

ჰაბლის აღმოჩენებმა ძირეულად შეცვალა მეცნიერული შეხედულება სამყაროს შესახებ. მხარდამჭერები აცხადებენ, რომ ჰაბლის მიერ ჩვენი გალაქტიკის გარეთ ნისლეულების აღმოჩენამ ხელი შეუწყო გზის გაკვალვას მომავალი ასტრონომებისთვის. მიუხედავად იმისა, რომ მისმა ზოგიერთმა უფრო ცნობილმა კოლეგამ უბრალოდ დასცინა მის ნაშრომებს, ჰაბლმა საბოლოოდ გამოაქვეყნა თავისი დასკვნები ნისლეულებზე. ამ გამოქვეყნებულმა ნაშრომმა მიიღო ჯილდო სახელწოდებით ამერიკული ასოციაციის პრიზი და ხუთასი დოლარი ჯილდოს კომიტეტის ბარტონ ე. ლივინგსტონისგან. აღსანიშნავია, რომ ყველა მიღწევის მიუხედავად, ედუინ ჰაბლს არასოდეს მიუღია ნობელის პრემია.

დიფერენციაცია გალაქტიკასა და სამყაროს შორის იწყება და მთავრდება მხოლოდ ზომით. ჩვენი მზის სისტემა არის ჩვენი გალაქტიკის ნაწილი, რომელიც მოიცავს მილიონობით ვარსკვლავს. არსებობს მილიარდობით ასეთი გალაქტიკა სამყაროში.