NASA-მ მთვარის ყველაზე შორეული მხარისკენ კომერციული მისია დააანონსა. ამის შესახებ ინფორმაცია კოსმოსურმა სააგენტომ 21 ივლისს გამოაქვეყნა.

ახალი მისიის ფარგლებში, NASA მთვარის სამხრეთ პოლუსთან მდებარე შროდინგერის კრატერზე უეკიპაჟო ხომალდს გაგზავნის. მისიას კომერციული სახე აქვს და ამერიკული ინოვაციური საინჟინრო კომპანია – Draper-თან თანამშრომლობით, CLPS-ის (Commercial Lunar Payload Services) ფარგლებში განხორციელდება. პროექტის ღირებულება 73 მილიომ ამერიკულ დოლარს შეადგენს. Draper-ის SERIES-2 აპარატი კი მთვარეზე 2025 წლისთვის დაეშვება.

CLPS (Commercial Lunar Payload Services) პროგრამა NASA-ს მთვარის პროგრამის ერთ-ერთი ნაწილია, რომლის მიხედვითაც, დედამიწის ბუნებრივი თანამგზავრის ისტორიისა და გარემოს შესწავლა კომერციულად შექმნილი ხომალდებითა და როვერებით მოხდება. მათ შესაქმნელად კი კოსმოსური სააგენტო აქტიურად თანამშრომლობს დამოუკიდებელ საინჟინრო კომპანიებთან.

Draper-ის მთვარის აპარატის დიზაინი შვილობილმა კომპანიამ, ispace-მა (ტოკიო) ჯერ კიდევ 2021 წელს წარადგინა. ოფიციალური მონაცემების მიხედვით, აპარატთან ერთად კოსმოსში Draper-ი გაუშვებს 2 სატელიტს, რათა დედამიწასთან მარტივი კონტაქტი შესაძლებელი გახდეს. როგორც იუწყებიან, მთვარის შორეულ მხარეს დაშვებას თავისი პრობლემები აქვს, რადგან პირდაპირი რადიო კომუნიკაცია დედამიწიდან ამ მხარეს ვერ ხდება და ამიტომ, ინფორმაციის მოწოდება სრულიად სატელიტებზე არის დამოკიდებული.

მიუხედავად იმისა, რომ მთვარეზე ადამიანმა ფეხი 50+ წლის წინ დადგა, მისი ყველაზე შორეული მხარე ჯერ კიდევ შეუსწავლელია. ამ ტერიტორიამდე ჯერ მხოლოდ ერთმა ქვეყანამ – ჩინეთმა მიაღწია 2019 წლის 2 იანვარს, როდესაც ჩინური Chang’e 4 აპარაკი ფონ კარმანის კრატერზე დაეშვა.

NASA-ს განცხადებით, უეკიპაჟო მისია, Artemis მთვარის მისიისგან განსხვავებულ ინფომრაციას მოგვაწვდის. თუმცა, ეს ინფორმაცია, მომავალში, მთვარეზე ადამიანის დაბრუნებისა და ბანაკის დაარსების მისიას გაამარტივებს.