ნილ არმსტრონგი APOLLO 11

ავიაციისადმი სიყვარული ბავშვობაში გაუჩნდა, როდესაც მამამ 6 წლის ასაკში მცირე ზომის თვითმფრინავით გაასეირნა. 16 წლის ასაკში მფრინავის ლიცენზია აიღო, 36 წლის პირველად კოსმოსში გაფრინდა, 38 წლის კი Apollo 11-ის მისიის ფარგლებში მთვარეს ესტუმრა. მტვრიანი რელიეფისა და ქარის არ არსებობის გამო, მისი ნაბიჯები ისევ ეტყობა მთვარის ზედაპირს.

ეს ნილ არმსტრონგია, პირველი ადამიანი, რომელმაც მთვარეზე ფეხი დადგა!

ნილ არმსტრონგი 1930 წლის 5 აგვისტოს, ოჰაიოს შტატში, ქალაქ უაპაკონეტში დაიბადა. მომავალი ასტრონავტი ფრენით ბავშვობიდანვე იყო დაინტერესებული. ავიაციის სიყვარული ჯერ კიდევ 6 წლის ასაკში გაუჩნდა, როდესაც მამამ პირველად მცირე ზომის თვითმფრინავით გაასეირნა. 16 წლისას კი უკვე მფრინავის ლიცენზია ჰქონდა, მანამ, სანამ მართვის მოწმობას აიღებდა.

გასაკვირი არ არის, რომ სწავლაც საავიაციო ინჟინერიის მიმართულებით დაიწყო, მალევე სამხედრო და სამხედრო წვრთნები გაიარა და კორეის ომშიც მოუწია წასვლა პილოტად. ომში მან 78 საბრძოლო ფრენა განახორციელა, სამშობლოში კი ინციდენტის მერე დაბრუნდა.

ახალგაზრდა ნილ არმსტრონგი Ames' Bell X-14 საფრენი ხომალდის გამოცდისას
ახალგაზრდა ნილ არმსტრონგი Ames’ Bell X-14 საფრენი ხომალდის გამოცდისას ფოტო: NASA

თუმცა, ახალგაზრდობაში, ნილ არმსტრონგი მარტო სამხედრო სამსახურით და სწავლით არ იყო დაკავებული. უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში, მან ორი მიუზიკლი დაწერა და მათ დადგმაშიც მიიღო მონაწილეობა. პირველი სპექტაკლი დისნეის ლეგენდარული ანიმაციის, „ფიფქია და შვიდი ჯუჯას“ მიხედვით დადგა იმდროინდელ შეყვარებულთან ერთად. ხოლო, მეორე სპექტაკლი The Land of Egelloc – კოლეჯის ინსპირაციით იყო შექმნილი. სიტყვა Egelloc-ი ინგლისური სიტყვა College-ის (კოლეჯი) შებრუნებული ვერსიაა. და, თეატრალურ მოღვაწეობასთან ერთად, მომავალი ასტრონავტი მოსიარულე ორკესტრშიც უკრავდა ბარიტონზე.

ნილ არმსტრონგი
ფოტო: NASA

უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ, ნილ არმსტრონგმა მუშაობა NACA-ში გადაწყვიტა, რომელიც იმ პერიოდში აერონავტიკის ეროვნული საკონსულტაციო კომიტეტი იყო. აქ ის 200-ზე მეტი განსხვავებული საფრენი აპარატის პილოტი იყო და სხვადასხვა ხომალდის ტესტირებაში იღებდა მონაწილეობას. თუმცა, მალევე, 1958 წლის 1-ელ ოქტომბერს, კომიტეტი NASA-ად გადაკეთდა.

XX საუკუნის 60-იან წლები კოსმოსური რბოლის ყველაზე მნიშვნელოვანი პერიოდია. NASA-ს შექმნის მთავარი მიზანიც ეს იყო – აშშ-ს მოეგო კოსმოსური რბოლა. მალევე, სულ რაღაც 3 წელიწადში (1961), მათ შეძლეს და კოსმოსში პირველი ამერიკელი – ალან შეპარდი გაუშვეს, მომდევნო წელს კი ჯონ გლენი გახდა პირველი ამერიკელი, რომელმაც დედამიწას შემოუარა.

და, სწორედ 1962 წელს დაიწყო ნილ არმსტრონგის კოსმოსური კარიერა, როდესაც NASA-მ ის ახალი პროექტის Gemini-ის ასტრონავტად აიყვანა. თუმცა, აქ გამართლებასაც ჰქონდა ადგილი. როგორც მისი ბიოგრაფიიდან ვიგებთ, ნილ არმსტრონგმა ასტრონავტობაზე განცხადების შეტანა დააგვიანა. მაგრამ, მისმა ყოფილმა კოლეგამ, დიკ დეიმ, რომელსაც ნილთან მუშაობის დიდი გამოცდილება ჰქონდა, მისი განცხადება სხვა განცხადებებს შორის ჩუმად შეაცურა.

Gemini იყო NASA-ს მეორე პროგრამა Mercury-ს შემდეგ, და მიზნად ადამიანის კოსმოსში გაგზავნას ისახავდა. ის 1961-1966 წლებში მიმდინარეობდა და კოსმოსში ერთდროულად 2 ადამიანის გაყვანა შეეძლო. მისიის ფარგლებში, კოსმოსში სულ 10 ეკიპაჟი და 16 ადამიანი გაფრინდა და, სწორედ, Gemini-ს დროს მოპოვებულმა ცოდნამ გახადა Apollo-ს მისიები შესაძლებელი.

GEMINI 8-ის ეკიპაჟი (მარცხ.) ნილ არმსტრონგი, დეივიდ სკოტი
GEMINI 8-ის ეკიპაჟი (მარცხ.) ნილ არმსტრონგი, დეივიდ სკოტი ფოტო: NASA

Gemini-ის მისიის ფარგლებში, ნილ არმსტრონგი 3-ჯერ აფრინდა დედამიწიდან (Gemini 5, Gemini 8 და Gemini 11). მათ შორის, კი ყველაზე მნიშვნელოვანი და კომპლექსური Gemini 8 მისია იყო, რომელსაც კოსმოსში მეორე ამერიკელი უნდა გაეყვანა და დედამიწის ორბიტაზე ორი კოსმოსური ხომალდი გაეერთიანებინა. თუმცა, ტექნიკური პრობლემის გამო მისია ვერ შედგა და ასტრონავტების სიცოცხლეს საფრთხე დაემუქრა. 1966 წლის მისიისას, Gemini 8 ხომალდზე ნილ არმსტრონგთან ერთად დევიდ სკოტიც იმყოფებოდა. ხომალდი უსაფრთხოდ დაბრუნდა დედამიწაზე. და, მალევე, 1968 წელს NASA-მ Apollo-ს მისია დაიწყო, რომლის მიზანსაც მთვარეზე ადამიანის დასმა წარმოადგენდა.

თუმცა, საინტერესოა, თუ რატომ აირჩია NASA-მ ნილ არმსტრონგი იმ ადამიანად, რომელიც კაცობრიობის ისტორიაში პირველად მთვარის ზედაპირზე დადგამდა ფეხს.

კრის კრაფტის, NASA-ს ინჟინრის მიხედვით, კოსმოსურ ცენტრში ნილი ისეთ კაცად მიიჩნეოდა, რომელსაც დიდი ეგო არ ჰქონდა. ამასთან ერთად, მნიშვნელოვანი იყო მთვარის მოდულის კაბინის აგებულებაც, რადგან, ის მარჯვენა მხარეს, შიგნიდან იღებოდა  – და, ამიტომ, მოდულის პილოტისთვის შეუძლებელი იქნებოდა ხომალდის პირველი დატოვება. ნილი კი იყო ხომალდის მეთაური, ამიტომაც მისმა მოკრძალებულმა ხასიათმა და წოდებამ განსაზღვრა მისი მისია.

Apollo 11-ის ეკიპაჟი
Apollo 11-ის ეკიპაჟი. (მარცხნიდან) ნილ არმსტრონგი, მაიკლ კოლინზი, ედვინ “ბაზ” ოლდრინი ფოტო: NASA

Apollo 11-მა კენედის სახელობის კოსმოდრომი 1969 წლის 16 ივლისს დატოვა. ხომალდზე, ნილ არმსტრონგთან ერთად, ედვინ „ბაზ“ ოლდრინი და მაიკლ კოლინზი იმყოფებოდნენ. მთვარის მოდული მთვარის ზედაპირზე 20 ივლისს დაჯდა. „არწივის“ ეკიპაჟი მხოლოდ ნილ არმსტრონგისა და ბაზ ოლდრინისგან შედგებოდა. მაიკლ კოლინზი მთვარის ორბიტაზე, სამეთაურო მოდულში „კოლუმბიაში“ დარჩა.

ნილ არმსტრონგი მთვარის მოდულის კაფსულაში
ნილ არმსტრონგი მთვარის მოდულის კაფსულაში ფოტო: NASA

„არწივის“ „სიმშვიდის ბაზაზე“ წარმატებული დაშვების შემდეგ, ხომალდის მეთაურმა, ნილ არმსტრონგმა პირველად დააბიჯა მთვარის ზედაპირზე. მას 20 წუთის შემდეგ ბაზ ოლდრინიც შეუერთდა.

„ერთი პატარა ნაბიჯი ადამიანისთვის, მაგრამ უდიდესი ნახტომი კაცობრიობისთვის“ – სწორედ ეს ლეგენდარული ფრაზა წარმოთქვა ნილ არმსტრონგმა მთვარეზე დაბიჯებისას. როგორც ნილი იხსენებს, მან ეს ეპიგრამა მანამ მოიფიქრა, სანამ მთვარის მოდულს დატოვებდა. თუმცა, წიგნისთვის – A Man on the Moon – ნილის ძმამ განაცხადა, რომ ნილმა ეპიგრამა გაფრენამდე 9 თვით ადრე წააკითხა.

ნილ არმსტრონგის ჩრდილი მთვარის ზედაპირზე
ნილ არმსტრონგის ჩრდილი მთვარის ზედაპირზე ფოტო: NASA

ასტრონავტებმა მთვარის ზედაპირზე 21 საათი და 36 წუთი გაატარეს და ერთად აღმართეს აშშ-ს დროშა, დაათვალიერეს მთვარის ზედაპირი და შეაგროვეს ქვები. „არწივზე“ დამონტაჟებული ვიდეო კამერა პირდაპირ ეთერში გადმოსცემდა ასტრონავტების მოგზაურობას მთვარეზე.  ამას კი მსოფლიოს მასშტაბით 650 მილიონი ადამიანი ადევნებდა თვალს.

1969 წლის 24 ივლისს Apollo 11 უსაფრთხოდ დაეშვა წყნარ ოკეანეში.

მთვარიდან დაბრუნებული Apollo 11-ის ეკიპაჟი კარანტინში
მთვარიდან დაბრუნებული Apollo 11-ის ეკიპაჟი კარანტინში ფოტო: NASA

მისიიდან დაბრუნებული ასტრონავტი იხსენებდა, თუ როგორ გამოიყურებოდა დედამიწა მთვარიდან – პატარა, მარცვლის ზომის სფერო, რომლის გადაფარვაც ცერა თითით შეიძლებოდა. ამბობდა, რომ სწორედ მაშინ გააანალიზა, თუ როგორი პატარაა დედამიწა.

ნილ არმსტრონგმა მალევე ასტრონავტობას თავი დაანება და მშობლიურ შტატში, ოჰაიოში აეროკოსმოსური ინჟინერიის პროფესორად დაიწყო მუშაობა. სხვადასხვა პერიოდში რამდენიმე ტექნოლოგიური კომპანიის დირექტორის პოზიცია ეკავა. პრეზიდენტი რონალდ რეიგანის დავალებით კი ახალი კომისიის წევრი გახდა. კოსმოსურმა კომიტეტმა შეადგინა იმის გეგმა, თუ რა წარმატების მიაღწევდა ამერიკა კოსმოსში 21-ე საუკუნეში. მათი რეკომენდაციით, მარსზე ადამიანს 2015 წლისთვის გაგზავნიდნენ, მთვარეზე ბაზები კი 2006 წლისთვის იქნებოდა მზად.

79 წლის ნილ არმსტრონგი, 2009 წლის 20 ივლისი. Apollo 11-ის მისიის მე-40 წლისთავის აღნიშვნისას
79 წლის ნილ არმსტრონგი, 2009 წლის 20 ივლისი.  Apollo 11-ის მისიის მე-40 წლისთავის აღნიშვნისას

კარიერის დასრულების შემდეგ ნილ არმსტრონგი მოკრძალებული ცხოვრებით ცხოვრობდა. ინტერვიუებსა და საზოგადო გამოჩენებს იშვიათად თანხმდებოდა, პოლიტიკური პარტიების შემოთავაზებებზე კი მუდმივად უარს ამბობდა.

ყოფილი ასტრონავტი 1985 წელს ჩრდილოეთ პოლუსზე გაემგზავრა. როგორც ამბობდა, კოსმოსიდან ნახვის შემდეგ, აინტერესებდა, თუ როგორ გამოიყურებოდა ჩრდილოეთ პოლუსი მიწიდან.

ნილ არმსტრონგი (მარჯვნივ) ჩრდილოეთ პოლუსზე, 1985 წელი
ნილ არმსტრონგი (მარჯვნივ) ჩრდილოეთ პოლუსზე, 1985 წელი

ამერიკის გმირად წოდებული გარდაიცვალა 2012 წლის 25 აგვისტოს, 82 წლის ასაკში.

ნილ არმსტრონგმა კაცობრიობის ისტორიის კურსი შეცვალა. Apollo 11-ის წარმატების შემდეგ, კიდევ 10 ადამიანი ეწვია მთვარეს, განვითარდა კოსმოსური ტექნოლოგიები, გაიზარდა ჩვენი ცოდნა კოსმოსის შესახებ და პასუხი გაეცა კაცობრიობის ერთ-ერთ უძველეს კითხვას – რა ხდება მთვარეზე.

Apollo 11-ის წარმატებით კი დამტკიცდა აშშ-ს უპირატესობა და დამთავრდა კოსმოსური რბოლა. ადამიანის მთვარეზე დაჯდომა უდიდესი მოვლენა იყო კაცობრიობის ისტორიაში, ნილ არმსტრონგი კი ადამიანის უსაზღვრო შესაძლებლობების სიმბოლოდ იქცა.