ნიკოლაი კოპერნიკი იყო პოლონელი ასტრონომი, მათემატიკოსი, ფიზიკოსი, დიპლომატი, ეკონომისტი, ექიმი და კათოლიკური ეკლესიის კანონიკოსი. თუმცა, ამ ყველა წოდების გარდა, მას ხშირად „თანამედროვე ასტრონომიის მამად“ მოიხსენიებენ.

კოპერნიკური რევოლუცია (აღმოჩენა, რომ დედამიწა მზის გარშემო ბრუნავს) – სამეცნიერო რევოლუციის დასაწყისი გახდა და ისეთ მეცნიერებზე მოახდინა გავლენა, როგორებიც არიან – გალილეო გალილეი, იოჰანეს კელპერი და ისააკ ნიუტონი.

ნიკოლაი კოპერნიკი 1473 წლის 19 თებერვალს ქალაქ თორნში, დასავლეთ პრუსიაში (თანამედროვე პოლონეთი) დაიბადა. მისი მშობლები სახელოვანი ვაჭრები იყვნენ, თუმცა, მამის გარდაცვალების შემდეგ – პატარა კოპერნიკის აღზრდაზე ბიძამ იზრუნა.

შეიძლება ითქვას, რომ სწორედ ბიძის დამსახურებით, ნიკოლაი კოპერნიკმა, იმ პერიოდის ევროპაში, საუკეთესო განათლება მიიღო. თავდაპირველად, ის თავისუფალ ხელოვნებას ეუფლებოდა, რომელშიც ასტრონომია და ასტროლოგიაც შედიოდა. მოგვიანებით კი, როგორც ევროპული მაღალი საზოგადოების კლასში იყო მიღებული, სწავლა იტალიაში გააგრძელა, სადაც ის მედიცინასა და სამართალს სწავლობდა.

იტალიაში, ბოლონიის უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში, ის ასტრონომიის პროფესორ, დომენიკო ნოვარასთან ერთად ცხოვრობდა. ამ პერიოდში, ასტრონომია და ასტროლოგია ერთმანეთთან დაკავშირებული მეცნიერებები იყო, დომენიკო ნოვარა კი იტალიისთვის ყოველწლიური ასტროლოგიური პროგნოზის რუკას ადგენდა. როგორც ცნობილია, ის ყველა კლასისთვის ქმნიდა ასტროლოგიურ რუკებს პლანეტებზე დაკვირვებით, თუმცა, ყველაზე ხშირად, მისი ნაშრომები პრინცებსა და ქვეყნის მტრებს ეხებოდა.

დომენიკო ნოვარასთან ერთად ცხოვრების პერიოდში, ნიკოლაი კოპერნიკი ასტრონომს ამ პროგნოზების შექმნაში ეხმარებოდა. სწორედ ამიტომ, ის გაეცნო პტოლემეს ასტრონომიას. პტოლემე იყო ბერძენი მეცნიერი, რომელსაც სჯეროდა, რომ სამყაროს ცენტრი დედამიწა იყო. მისი თეორიები, კი თითქმის 1000 წლის განმავლობაში, ევროპაში ერთადერთ აღიარებულ თეორიად მიიჩნეოდა.

სამეცნიერო ხარისხის მიღების შემდეგ, კოპერნიკი პოლონეთში ბრუნდება, სადაც ის კათოლიკური ეკლესიის კანონიკოსი და ექიმი ხდება. თავისუფალ დროს აკადემიურ სწავლას აგრძელებს და ასტრონომიით კიდევ უფრო ინტერესდება. იქიდან გამომდინარე, რომ ამ პერიოდში, მას უკვე კარგი რეპუტაცია აქვს, ეკლესიის ლიდერები იულიუსის კალენდრის შეცვლის მოტივით, მას დასახმარებლად იწვევენ. ამავდროულად, ნიკოლაი კოპერნიკი, იმ დროისთვის კარგ ეკონომისტადაც ითვლებოდა. 1517 წელს, მან წამოაყენა ფულის რაოდენობრივი თეორია, რომელიც ეკონომიკის ძირითადი კონცეფცია გახდა. მის ეკონომიკურ პრინციპებს, კი თანამედროვე სამყაროში „გრეშამის კანონებს“ უწოდებენ („ცუდი ფული განდევნის კარგს“).

1508 -1514 წლებში, კოპერნიკმა დაწერა „ Commentarioulus”, რომელშიც, თავისი ასტრონომიული დაკვირვებების საფუძველზე, სამყაროს ახალ მოდელზე საუბრობდა. თუმცა, ეს ნაშრომი არ გამოსცა და მოგვიანებით, მის წიგნში – „De revolutionibus orbium coelestium-ში“ („ციურ სხეულთა გარემოქცევის შესახებ“) შევიდა. წიგნი 1543 წელს გამოვიდა, და მიუხედავად იმისა, რომ კათოლიკურმა ეკლესიამ აკრძალა – სამეცნიერო რევოლუციის დაწყების საფუძველი გახდა.

ნიკოლაი კოპერნიკი სრულიად ეწინააღმდეგებოდა იქამდე ევროპაში გავრცელებულ პტოლემეს სისტემას, რომლის მიხედვითაც – დედამიწა სამყაროს ცენტრია. ეს მოსაზრება, თავდაპირველად ანტიკურ საბერძნეთში წამოაყენეს, შემდეგ კი ქრისტიანულმა ეკლესიამ თავის დოგმატებს მოარგო. ნიკოლაი კოპერნიკი კი სამყაროს ახალ წესრიგზე საუბრობდა, რომლის მიხედვითაც, სამყაროს ცენტრი – მზე იყო, პლანეტები კი მის გარშემო ბრუნავდნენ. მოგვიანებით, ამ თეორიას ჰელიოცენტრიზმი დაერქვა. სიტყვა „ჰელიო“ ბერძნულად მზეს ნიშნავს.

ჰელიოცენტრიზმის გარდა, ნიკოლაი კოპერნიკმა სწორად განსაზღვრა მზის სისტემის პლანეტების თანმიმდევრობა და საკმაოდ ახლოს მივიდა მათი ორბიტალური პერიოდების დათვლამდე. მათ შორის, ისიც, რომ დედამიწას, მზის გარშემო ერთი სრული წრის დასარტყმელად, 1 წელი სჭირდება. ამავდროულად, კოპერნიკმა გამოთქვა მოსაზრება, რომ დედამიწა არა მხოლოდ მზის გარშემო, არამედ თავისი წარმოსახვითი ღერძის გარშემოც ბრუნავს. ეს კი დღე-ღამის ცვლილებას იწვევს. ამასთან ერთად, ის ფიქრობდა, რომ სწორედ ამ წარმოსახვითი ღერძის ბრალი იყო დედამიწაზე სეზონების ცვლილებაც.

მისი ეს თეორიები, რომელიც თავის დროზე არაკანონიკური და მიუღებელი იყო, დღეს – ყველასთვის ცნობილი მარტივი ფაქტებია. წიგნის გამოცემის შემდეგ, ნიკოლაი კოპერნიკის თეორიებმა დიდი აგრესია და კრიტიკა დაიმსახურა, განსაკუთრებით ეკლესიისგან. მარტინ ლუთერი (რეფორმაცია), კოპერნიკის თეორიებს სისულელედ მიიჩნევდა და პტოლემეს თეორიას იზიარებდა. საბოლოოდ, ვატიკანმა, 1616 წელს, „De revolutionibus orbium coelestium-ი“ აკრძალულ წიგნთა სიაში შეიტანა.

ყველაფრის მიუხედავად, იყო ასტრონომიული მოვლენები, რომლებიც კოპერნიკმა სწორად ვერ ამოიცნო. მას სჯეროდა, რომ სამყაროს ცენტრი იყო მზე და არა მხოლოდ მზის სისტემის. ასევე ვერ ხსნიდა იმ ფენომენს, თუ რატომ ვარდებოდა ყველა სხეული დედამიწაზე. ეს ის პერიოდია, როდესაც გრავიტაცია ჯერ კიდევ არ არის აღმოჩენილი, მისი მარტივი კანონები კი დედამიწის სამყაროს ცენტრობის დასამტკიცებლად გამოიყენებოდა.

ნიკოლაი კოპერნიკი 1543 წლის 24 მაისს გარდაიცვალა. და, იმის მიუხედავად, რომ მისი თეორიები დიდი ხნის განმავლობაში აკრძალული იყო – ახალგაზრდა მეცნიერებზე მაინც დიდი გავლენა მოახდინა. მე-17 საუკუნეში გალილეო გალილეიმ და იოჰანეს კელპერმა კოპერნიკური თეორია პოპულარული გახადეს. ამის გამო, გალილეის სიკვდილიც კი მიუსაჯეს. მე-18 საუკუნეში, კი სერ ისააკ ნიუტონმა გრავიტაცია აღმოაჩინა. სამეცნიერო რევოლუცია კი არა კათოლიკურ ქვეყნებში ძალიან სწრაფად მოხდა, ამიტომაც კოპერნიკული თეორიები მალე ბევრისთვის მისაღები გახდა.  დღეს კი ნიკოლაი კოპერნიკი – „თანამედროვე ასტრონომიის მამად“ და კაცობრიობის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან მეცნიერად მიიჩნევა.