რისი ფორმა აქვს დედამიწას?
კოსმოსიდან გადაღებულ სურათებში დედამიწას იდეალური მრგვალი ფორმა გააჩნია. „ლურჯი მარგალიტი“ – ხშირად სწორედ ასე მოიხსენიებენ ის ასტრონავტები, რომლებსაც კოსმოსიდან მისი დასახვის შესაძლებლობა ჰქონიათ. თუმცა, მოსაზრება, რომ დედამიწა მრგვალია – მცდარია.
ინგლისელი მათემატიკოსი და მეცნიერი, ისააკ ნიუტონი იყო პირველი, რომელმაც გამოთქვა მოსაზრება, რომ დედამიწას იდეალური მრგვალი ფორმა არ აქვს. ამის ნაცვლად, მიიჩნევდა, რომ დედამიწა იყო პოლუსებთან შებრტყელებული სფეროიდი, რომელიც ეკვატორთან განიერდებოდა.
ისააკ ნიუტონი მართალი აღმოჩნდა, თუმცა დედამიწა იდეალური პოლუსებთან შებრტყელებული სფეროიდიც არ არის, რადგან მისი მასა ზედაპირზე თანაბრად არ ნაწილდება. ის ადგილები, სადაც მასის კონცენტრაცია დიდია – ამობურცული და უსწორმასწოროა.
ამავდროულად, დედამიწის ფორმა, მასზე მიმდინარე მასიური ცვლილებების გამო, მცირედით, მაგრამ ყოველთვის იცვლება. ფორმის შეცვლა შეიძლება გამოიწვიოს მთებისა და ვაკეების გაჩენა-გაქრობამ, ან მეტეორის დაცემამ. ასევე, არ უნდა დაგვავიწყდეს მთვარისა და მზის მიზიდულობა, რომელიც ზღვის მიმოქცევასთან ერთად, დედამიწის კონტინენტური ქერქის „მიმოქცევასაც“ იწვევს. ამავდროულად, ოკეანეებისა და ატმოსფეროს მასის ცვლილება კონტინენტური ქერქის დეფორმაციას უწყობს ხელს.