იოჰანეს კეპლერი – კეპლერის კანონები
გერმანელი მეცნიერი, ასტრონომი და ასტროლოგი, იოჰანეს კეპლერი 1571 წლის 27 დეკემბერს დაიბადა, მაშინ, როდესაც ევროპაში სამეცნიერო რევოლუცია იწყებოდა (XVI-XVII) და მის მთავარ ფიგურად იქცა. სწორედ კეპლერის მიერ შექმნილი კანონები, რომლებიც მზის სისტემაში პლანეტების მოძრაობას ხსნიდა, ხდება ისააკ ნიუტონის გრავიტაციის კანონების საფუძველი. საბოლოოდ, კი ეს მეცნიერების ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან აღმოჩენად იქცევა.
კეპლერი გერმანიის სამხრეთით, ღარიბ ოჯახში დაიბადა. სუსტი ჯანმრთელობის მიუხედავად, ბავშვობიდანვე განსაკუთრებული ნიჭით გამოირჩეოდა, განსაკუთრებით კი მათემატიკა და ასტრონომია აინტერესებდა. ადგილობრივი სკოლის დასრულების შემდეგ, მას ტიუბინგერნის უნივერსიტეტის სტიპენდია ენიშნება და მათემატიკისა და თეოლოგიის სწავლის შესაძლებლობა ეძლევა. თუმცა, ახალგაზრდა იოჰანეს კეპლერი ძველ ინტერესებს არ ივიწყებს და სწორედ ტიუბინგერნში სწავლისას ეცნობა კოპერნიკის ნაშრომებსა და ჰელიოცენტრიზმის თეორიას, რომლის მიხედვითაც დედამიწა სამყაროს ცენტრი არ არის და პლანეტები მზის გარშემო ბრუნავენ.
უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ, 1594 წელს ავსტრიაში, ქალაქ გრაციაში გადადის საცხოვრებლად და ადგილობრივ სკოლაში მათემატიკის სწავლებას იწყებს. სწორედ აქ მიეცა მას საშუალება, რომ ასტროლოგია და ასტრონომია უფრო ღრმად შეესწავლა (ამ პერიოდში ეს ორი მიმართულება ერთ მეცნიერებად მიიჩნევა). 1596 წელს კი აქვეყნებს ნაშრომს, რომელშიც კოპერნიკული სისტემის სისწორეზე მსჯელობს.
იოჰანეს კეპლერი რელიგიით პროტესტანტი იყო, ხოლო ლუთერი თავიდანვე უარყოფდა ჰელიოცენტრიზმის თეორიას, მომხრეებს კი კათოლიკური ეკლესია დევნიდა. თანამედროვე კვლევებით ცნობილია, რომ კეპლერმა და მისმა პირველმა ცოლმა – ბარბარამ საიდუმლო კოდი შექმნეს, რომელსაც წერილებში იყენებდნენ და ასე იცილებდნენ თავიდან ეკლესიისგან დევნას. თუმცა, მთლიანობაში კეპლერი ცდილობდა, რომ კოპერნიკის თეორიებისთვის მეცნიერულთან ერთად, რელიგიური ახსნაც მოეძებნა. მაგალითად, კეპლერი ამბობდა, რომ როგორც ღმერთის შვილი იყო ქრისტიანული რწმენის ცენტრში, ასევე მზე უნდა ყოფილიყო სამყაროს ცენტში. სწორედ ამიტომ, ეკლესია მას ნაკლებად აწუხებდა.
გრაციაში ცხოვრებისას, კეპლერი იმდროინდელი ცნობილი ასტრონავტის – ტიხო ბრაჰეს, რომელიც პლანეტების მოძრაობას იკვლევდა, ნაშრომებით ინტერესდება. 1600 წელს, კი ბრაჰემ კეპლერი თავისივე აშენებულ ობსერვატორიაში ასისტენტად სამუშაოდ მიიწვია.
ტიხო ბრაჰე კეპლერის პრაღაში გადასვლიდან მალევე გარდაიცვალა, რის შემდეგაც მისი კვლევები და უდიდესი მასალები სრულიად გერმანელი მეცნიერის ხელში გადავიდა.
1901 წელს, ბრაჰეს საფლავის გათხრის შემდეგ, მეცნიერის სხეულში დიდი რაოდენობით მერკური იპოვეს. ამან მეცნიერებს აფიქრებინა, რომ ბრაჰე, რომელსაც თავისი აღმოჩენების მოსწავლეებისთვის გაზიარება არ უყვარდა, კეპლერმა მოწამლა, რათა მასალებზე წვდომა ჰქონოდა. 2010 წელს, ერთი საუკუნის მერე ჩატარებულმა კვლევებმა კი დაადგინა, რომ მერკურის ის რაოდენობა, რომელიც ბრაჰეს სხეულში იპოვეს, არ იყო საკმარისი ადამიანის მოსაკლავად.
პრაღაში იოჰანეს კეპლერი სამეცნიერო მოღვაწეობას აგრძელებს, ბრაჰეს მასალები კი მას კეპლერის კანონების შედგენაში დაეხმარა.
კეპლერის პირველი კანონის მიხედვით, ყოველი პლანეტის ორბიტა ელიფსია რომლის ერთ-ერთ ფოკუსშიც მოთავსებულია მზე. ეს სრულიად განსხვავდებოდა ძველი შეხედულებებისგან, რომლის მიხედვითაც, პლანეტები მზის გარშემო წრის ფორმაზე ბრუნავდნენ.
კეპლერის მეორე კანონის მიხედვით, პლანეტების სიჩქარე ორბიტაზე მოძრაობისას იცვლება იმის მიხედვით, თუ რამდენად ახლოს არის მზესთან.
კეპლერის მესამე კანონი კი ასეთია – პლანეტების გარშემოქცევის პერიოდთა კვადრატების შეფარდება ორბიტის დიდი ნახევარღერძების კუბებთან მუდმივი სიდიდეა. ამ კანონის მიხედვით, რაც უფრო შორს არის პლანეტა მზისგან, მით უფრო ნელა მოძრაობს ის ორბიტაზე. თანამედროვე ასტრონომები, დღემდე იყენებენ ამ კანონს პლანეტებისა და სხვა ციური სხეულების მოძრაობის დასადგენად.
გარდა ასტრონომიისა, კეპლერმა დიდი წვლილი შეიტანა გეომეტრიული და ფიზიოლოგიური ოპტიკის განვითარებაში. კეპლერმა შექმნა მხედველობითი თეორია, ახსნა შემკრები და გამბნევი ლინზების მოქმედების პრინციპები, ახლომხედველობისა და შორსმხედველობის კორექციის მეთოდები, გამოიკვლია სინათლის გარდატეხის მოვლენა და შექმნა ტელესკოპი, რომელიც თანამედროვე რეფრაქტორების პროტოტიპია.