ჩვენ უკვე კარგად ვიცით, რომ შავი ხვრელი არის არე სივრცეში, რომელშიც გრავიტაციული ველი იმდენად ძლიერია, რომ არაფერს, სინათლესაც კი, არ შეუძლია მისი მიზიდულობისგან თავის დაღწევა მისი მოქმედების არეალში მოხვედრისას.

ასტრონომების აზრით, შავი ხვრელი სავარაუდოდ წარმოიქმნება მაშინ, როდესაც გიგანტური ვარსკვლავი ამოწურავს მთელ თავის ენერგიას და კვდომას იწყებს. ხვრელი საკუთარი მიზიდულობის ძალის ზემოქმედებით იწყებს შეკუმშვას, როდესაც მიაღწევს შეკუმშვის პიკს, ხდება აფეთქებისმაგვარი მოვლენა, რის შემდეგაც ეს ვარსკვლავი ჩაქრება, ხოლო მისი გრავიტაცია იმ ზომამდე გაიზრდება, რომ იგი დაიწყებს ყველაფრის შესრუტვას — სინათლის ჩათვლით. ამ თვისებიდან გამომდინარეობს კოსმოსური ობიექტის სახელი — „შავი ხვრელი“,

ასტროფიზიკაში არსებობს ტერმინი ‘’სპაგეტიფიკაცია’’. ეს არის ობიექტების ვერტიკალური გაჭიმვა და ჰორიზონტალური შეკუმშვა გრძელ თხელ ფორმებად ძალიან ძლიერ, არაერთგვაროვან გრავიტაციულ ველში, რაც გამოწვეულია ექსტრემალური მოქცევის ძალებით.

შესაბამისად, თუ ადამიანის ორგანიზმი შავი ხვრელის არეალში მოხვდება მისი სხეული სპაგეტისებულ შეკუმშულ ფორმას მიიღებს რაც სიცოცხლისთვის საშიში და დამღუპველია.

ამ მოვლენას სახელი უდიდესმა ბრიტანელმა ფიზიკოსმა და ასტროფიზიკოსმა, სტივენ ჰოკინგმა უწოდა.