ჩინეთი კოსმოსური ტურიზმისთვის ემზადება – პირველი სატესტო ფრენა 2023 წლისთვის არის დაგეგმილი
ჩინურმა საავიაციო-კოსმოსურმა კომპანია – CAS Space-მა და China Tourism Group-მა თანამშრომლობის შესახებ ახალი განცხადება გააკეთეს. ისინი გაერთიანებული ძალებით ჩინური კოსმოსური ტურიზმის განვითარებას შეეცდებიან. ახალი გეგმის შესახებ კი ჩინურ სოციალურ ქსელში – WeChat-ში ოფიციალური განცხადება 12 ივლისს გამოქვეყნდა.
ეს გარიგება მოსალოდნელი იყო. ჯერ კიდევ წინა წელს, CAS Space-მა მრავალჯერადი გამოყენების რაკეტაზე დაიწყო მუშაობა. კომპანიის გეგმის მიხედვით, ახალ ხომალდს კოსმოსში 7 ადამიანის აყვანა შეეძლება, მგზავრობა კი დაახლოებით 10 წუთს გასტანს. CAS Space-ის ტურისტული ხომალდები დედამიწიდან 100 კილომეტრზე შეძლებენ აფრენას და კარმანის ხაზის გადალახვას. ეს ის ადგილია, სადაც დედამიწის ატმოსფერო მთავრდება და კოსმოსი იწყება.
CAS Space-ის წარდგენილი კოსმოსური რაკეტების დიზაინი უკვე შეადარეს ჯეფ ბეზოსის Blue Origin-ის New Shepard-სა და ილონ მასკის SpaceX-ის Dragon კაფსულას.
ოფიციალური განცხადების მიხედვით, პირველი სატესტო ფრენა 2023 წლისთვის არის დაგეგმილი. პირველ ტურისტულ გაფრენამდე კი მინიმუმ 15 ფრენის ჩატარებას გეგმავენ. კომპანიის წარმომადგენლები ფიქრობენ, რომ კოსმოსური ტურიზმი უკვე არა ფანტაზია, არამედ რეალობაა და ისინი შეძლებენ ადამიანებისთვის ახალი გამოცდილების შექმნას.
CAS Space-ი წლებია, რაც ჩინურ კოსმოსურ ბაზარზე პირველობას ინარჩუნებს. კომპანია უკვე ემზადება პირველი ორბიტალური ფრენისთვის, რომლისთვისაც ZK-1A ხომალდს გამოიყენებენ. პირველი ფრენა 2022 წელს არის დანიშნული.
თუმცა, ჩინურ კოსმოსურ ბაზარზე CAS Space-ს მნიშვნელოვანი კონკურენტები ჰყავს. საავიაციო-კოსმოსური კომპანია Space Transportation-მა ჯერ კიდევ 2021 წელს დააანონსა „ფრთიანი“ რაკეტები, რომლებსაც არა მარტო კოსმოსური ტურიზმისთვის, არამედ დედამიწაზე ჩქარი საჰაერო მოგზაურობებისთვის გამოიყენებენ.