ხელოვნური გრავიტაცია მთვარეზე – კიოტოს უნივერსიტეტის ახალი პროექტი
ადამიანის მიერ კოსმოსის ათვისებას დიდი და წარმატებული ისტორია გააჩნია. თუმცა, დღესაც კოსმოსში ცხოვრება და მუშაობა – მრავალ პრობლემასთან არის დაკავშირებული. კოსმოსში რთულია რადიაციისგან, მზის და კოსმოსური სხივებისგან ადამიანის დაცვა. საერთაშორისო კოსმოსური სადგურისგან განსხვავებით, ადამიანისთვის ნაცნობ ციურ სხეულებზე რთულია რეგულარული მისიების დანიშნვა და მარაგების შევსება. და, ალბათ ერთ-ერთი უდიდესი პრობლემა – დაბალი გრავიტაციის პირობებია, რომელიც განსაკუთრებით ართულებს გრძელვადიან მისიებს კოსმოსში.
ამ პრობლემის გადაჭრის ყველაზე პოპულარული იდეა არის მბრუნავი შტაბების შექმნა, რომელიც დედამიწის გრავიტაციულ პირობებს ხელოვნურად შექმნის. სწორედ ამ შემოთავაზებით გამოვიდნენ იაპონელი მკვლევარები, რომლებსაც მთვარის ბაზებისთვის ახალი იდეები გააჩნიათ.
5 ივლისს კიოტოს უნივერსიტეტმა და Kajima კორპორაციამ (რომელიც იაპონიაში ერთ-ერთი ძველი და უდიდესი სამშენებლო კომპანიაა) ახალი კოსმოსური ბაზების იდეა წარადგინეს და ახალი კვლევები დააანონსეს. პრეზენტაცია იაპონურ ტელევიზიაში Kansai-ში წარიმართა, ხოლო მოგვიანებით Youtube პლატფორმაზეც განთავსდა.
მიკროგრავიტაციის გავლენა ადამიანის ფიზიოლოგიაზე კარგად არის შესწავლილი. მათ შორის, ყველაზე ცნობილია NASA-ს ტყუპების ექსპერიმენტი, რომელმაც დაადგინა, რომ კოსმოსში ყოფნისას ასტრონავტების კუნთოვანი მასა და ძვლების სიმკვრივე მცირდება. ახალი კვლევები კი აჩვენებს, რომ დედამიწაზე დაბრუნების შემდეგაც კი არ ხდება მათი სრულყოფილად აღდგენა. ამავდროულად, დაბალი გრავიტაციის პირობებში ყოფნა ნეგატიურ გავლენას ახდენს ადამიანის გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე, ორგანოების ფუნქციონირებაზე, მხედველობასა და ფსიქოლოგიაზე.
კიოტოს უნივერსიტეტი და Kajima კორპორაცია გაერთიანებული ძალებით სწორედ ამ პრობლემის მოგვარებას შეეცდებიან. ისინი ფიქრობენ, რომ შესაძლებელია ისეთი ტიპის კოსმოსური ხომალდებისა და ბაზების შექმნა, რომლებშიც ხელოვნური გრავიტაცია იქნება.
პრეზენტაციაში ჩანს, რომ კიოტოს უნივერსიტეტის მიერ წარმოდგენილი იდეა ო’ნილის ცილინდს წააგავს. თუმცა, კოსმოსში მოგზაური ხომალდისგან განხვავებით, ახალი ობიექტი ციური სხეულის ზედაპირზე დგას და ისე ბრუნავს. ამავდროულად, მათ მიერ შემოთავაზებულ მბრუნავ ბაზას ძაბრის ფორმა გააჩნია. მთვარის ზედაპირზე წონის სწორად გადანაწილებაში დიდი ბადისებრი სტრუქტურა ეხმარება. ამავდროულად, მბრუნავი ბაზის გარშემო წარმოდგენილია სამატარებლო გზა, რომელიც ადამიანებს მთვარის ზედაპირთან დააკავშირებთ.
თუმცა, აქ ყველაფერი არ სრულდება. პრეზენტაციისას წარდგენილ ვიდეოში ჩანს, რომ მბრუნავი ბაზის შიგნით ისეთივე პირობებია შექმნილი, როგორც დედამიწაზე. ვხვდებით გამწვანებულ გარემოს, წყლის მასას, ხეებს და ტრანსპორტსაც კი, რომლითაც ადამიანები ისე გადაადგილდებიან, როგორც დედამიწის ზედაპირზე.
კონფერენციაზე მბრუნავ ბაზასთან ერთად, ახალი სატრანსპორტო ხომალდის შექმნის იდეაც გაჟღერდა, რომელიც დედამიწას მთვარესთან დააკავშირებს. ეს იქნება ხელოვნური გრავიტაციის პრინციპებზე დაფუძნებული ხომალდი, რომელსაც მბრუნავი ჰექსაგონის ფორმა ექნება. ამ ხომალს „კოსმოსური ექსპრესი“ უწოდეს, ხოლო მის შიგნით დედამიწის გრავიტაციის პირობები იქნება.
რა თქმა უნდა, პრეზენტატორები აღიარებენ, რომ მსგავსი ტიპის მოწყობილობების შექმნა ძალიან დიდ რესურსებთან არის დაკავშირებული და დღეისათვის ნაკლებად არის შესაძლებელი. თუმცა, ფიქრობენ, რომ კოსმოსის ათვისებაში უმნიშვნელოვანესია განახლებული იდეები, რომელიც ამ პროცესს დააჩქარებს. ისინი კი მოხარულები არიან, რომ დაიწყონ ახალ კვლევებზე მუშაობა, რომლებიც კაცობრიობას სხვა პლანეტაზე ცხოვრების ოცნების განხორციელებაში დაეხმარება.