ისააკ ნიუტონიერთმა სრულიად ჩვეულებრივმა მოვლენამ – ხიდან ვაშლის ჩამოვარდნამ – სამუდამოდ შეცვალა ჩვენი სამყარო. მას შემდეგ კი ისააკ ნიუტონი და ვაშლი ერთმანეთთან სამუდამოდ დაკავშირებული ცნებები გახდა.

გაუნათლებელი ფერმერების ოჯახში დაბადებული ისააკ ნიუტონი ერთ-ერთ უდიდეს მეცნიერად მიიჩნევა. ასტრონომია, ქიმია, მათემატიკა და ფიზიკა – იმ დარგების ჩამონათვალია, რომელთა განვითარებაში მისი როლი შეუფასებელია. თუმცა, მეცნიერების გარდა ის პოლიტიკითა და თეოლოგიითაც იყო გატაცებული. მან ბიბლიის კვლევის საფუძველზე მსოფლიოს დასასრულის ზუსტი თარიღი იწინასწარმეტყველა.

ისააკ ნიუტონი 1643 წლის 4 იანვარს (ძველი კალენდრით 1642 წლის 25 დეკემბერს), ინგლისში, გრემთემის მახლობლად ფერმების ოჯახში დაიბადა. ნაადრევად დაბადებულს გადარჩენის ძალიან მცირე შანსი ჰქონდა.

ისააკ ნიუტონის ბავშვობის სახლი
ისააკ ნიუტონის ბავშვობის სახლი

მამა მის დაბადებამდე გარდაიცვალა. ხოლო როდესაც 3 წლის იყო, დედამისი ხელმეორედ დაქორწინდა. ცნობილია, რომ მომავალ მეცნიერს მამინაცვალი არ უყვარდა. მეტიც, მას სახლის დაწვითაც კი დაემუქრა.

ისტორიკოსები ვარაუდობენ, რომ სწორედ ოჯახისგან უარყოფა იყო ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, თუ რატომ გახდა ნიუტონისთვის სწავლა ასეთი მნიშვნელოვანი. მას განსაკუთრებით იტაცებდა მათემატიკა. მეტიც, სწორედ სკოლის პერიოდში შექმნა მზის საათი, რომელიც დროს ზუსტად უჩვენებდა. ოჯახის წევრებმა სწორედ მაშინ გაანალიზეს რომ პატარა ბიჭი ინტელექტუალური ცხოვრებისთვის იყო დაბადებული.

1661 წელს ნიუტონმა ტრინიტის კოლეჯში, კემრიჯში ჩააბარა. სწორედ აქედან იწყება მისი მეცნიერული საქმიანობა. ჩვეულებრივი მათემატიკური ტექსტების გარდა, დაინტერესებული იყო ამოუხსნელი მათემატიკური პრობლემებით და კალკულუსით. 1665 წელს კი ბაკალავრის სამეცნიერო ხარისხი მიიღო.

 

ახალგაზრდა ისააკ ნიუტონი - ნახატი

1665 წელის სწორედ ის პერიოდია, როდესაც ინგლისში შავი ჭირი გავრცელდა. დაიხურა ტრინიტის კოლეჯიც, ნიუტონი კი იძულებული გახდა სახლში დაბრუნებულიყო. სწორედ ამ ეპიდემიის პერიოდში დაიწყო ნიუტონმა კალკულუსის, მექანიკისა და სინათლის თეორიებზე მუშაობა. თუმცა მისი გულჩათხრობილი ხასიათიდან გამომდინარე, თავიდან ისინი არავისთვის გაუზიარებია.

ისააკ ნიუტონის ტელესკოპის რეპლიკა
ისააკ ნიუტონის ტელესკოპის რეპლიკა

ნიუტონის პირველი საჯარო აღიარება მის ტელესკოპს მოჰყვა. სინათლის თეორიებზე დაყრდნობით, მეცნიერმა ძველი დიდი და მოუხერხებელი ტელესკოპის გაუმჯობესება შეძლო. ახალი ტექნოლოგია 10-ჯერ უფრო პატარა ზომის იყო, ხოლო ლინზის ნაცვლად სარკის გამოყენებით ბევრად გაიზარდა ტელესკოპის სიძლიერე.

ახალმა ტექნოლოგიამ ინგლისის სამეფო საზოგადოება მოხიბლა. მეტიც, ისინი ნიუტონით დაინტერესდნენ და  მოისმინეს მისი თეორიები სინათლესა და ფერებზე.

ისააკ ნიუტონი - სინათლის გარდატეხა

იმ დროისთვის გავრცელებული იყო შეხედულება, რომ ფერები სინათლისა და სიბნელის შერწყმით მიიღებოდა. ისააკ ნიუტონმა კი ეს თეორია სრულიად უარყო. მან ჩაატარა ექსპერიმენტი – სრულიად ჩაბნელებულ ოთახში მოათავსა პრიზმა, რომელსაც პატარა ჭუჭრუტანიდან შემოსული მზის სხივი ეცემოდა. პრიზმიდან ოთახის კედელზე დაცემული სინათლე კი ცისარტყელას ფერებში გადადიოდა.

სწორედ, ამ ექსპერიმენტების შემდეგ დაასკვნა მეცნიერმა, რომ თეთრი სინათლე ცისარტყელას სპექტრის ყველა ფერის ნარევია, მათი დანახვა კი მხოლოდ სინათლის სხივის სხვადასხვა კუთხით გარდატეხისას შეიძლება.

თავდაპირველად, ინტელექტუალურმა საზოგადოებამ მისი თეორიები არ მიიღო. მეტიც, რობერტ ჰუკმა, ერთ-ერთმა უდიდესმა მეცნიერმა გაზეთში გამოქვეყნდა წერილი, სადაც ნიუტონის თეორიებს ეჭვქვეშ აყენებდა. გაკრიტიკებულმა მეცნიერმა ამის შემდეგ ინტელექტუალურ ცხოვრებას თავი დაანება და მშობლიურ სახლში დაბრუნდა. სწორედ ამის შემდეგ ინტერესდება ნიუტონი თეოლოგიითა და ალქიმიით. მიუხედავად იმისა, რომ ნიუტონი არ იყო რელიგიური ადამიანი, სჯეროდა რომ ბიბლიის საშუალებით ანტიკური ცოდნის მოპოვება იყო შესაძლებელი. ამიტომაც მისი „ამოხსნა“ მთავარ მიზნად დაისახა. ბიბლიაზე დაყრდნობით, მის მრავალ ჩანაწერს შორის, ალბათ ყველაზე საინტერესო მისი აპოკალიფსური წინასწარმეტყველებაა, რომლის მიხედვითაც სამყაროს აღსასრული 2060 წელს უნდა დადგეს.

გოტფრიდ ლაიბნიცისა და ისააკ ნიუტონის პორტრეტები
გოტფრიდ ლაიბნიცისა და ისააკ ნიუტონის პორტრეტები

თუმცა ბიბლიის კვლევა და ალქიმია სამუდამოდ არ გაუგრძელებია. 1684 წელს გერმანელმა მათემატიკოსმა გოტფრიდ ლაიბნიცმა ახალი კვლევები გამოაქვეყნა კალკულუსზე. სწორედ ეს ხდება ბიძგი ნიუტონისათვის, რომ 20 წლის წინანდელი კვლევები გამოაქვეყნოს, იმის დასადასტურებლად – რომ სწორედ მან შექმნა კალკულუსი და არა ლაიბნიცმა.

3 წლიანი მუშაობის შემდეგ, 1687 (ძვ. სტ 1686) წელს აქვეყნებს საკუთარ ნაშრომს: „ნატურალური ფილოსოფიის მათემატიკური საფუძვლები“, რომელშიც შესულია ნიუტონის მოძრაობის კანონები, კლასიკური მექანიკის საფუძვლები, გრავიტაციის თეორიები.

„ნატურალური ფილოსოფიის მათემატიკური საფუძვლები“ ხშირად მეცნიერების ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვან წიგნად მიიჩნევა. წიგნში წარმოდგენილი კალკულუსის თეორიების გარეშე შეუძლებელი იქნებოდა თანამედროვე მათემატიკა, ინჟინერია და სტატისტიკა. მსოფლიო მიზიდულობისა და ნიუტონის 3 კანონის მეშვეობით, კი სამყაროს კანონზომიერების ახსნა არის შესაძლებელი.

„ნატურალური ფილოსოფიის მათემატიკური საფუძვლები“ თავფურცელი. ძვ. სტ. 1686 წელი
„ნატურალური ფილოსოფიის მათემატიკური საფუძვლები“ თავფურცელი. ძვ. სტ. 1686 წელი

წიგნის გამოსვლის შემდეგ ნიუტონმა ყურადღების ცენტრში მოექცა. 1689 წელს ის პარლამენტშიც კი აირჩიეს. თუმცა, მისი პოლიტიკური მოღვაწეობა არც ისე მრავალფეროვანი იყო. მასზე მხოლოდ ერთი ჩანაწერი არის შემორჩენილი პარლამენტის არქივში, რომელშიც ნიუტონი ახლო მდებარე ფანჯრის დახურვას ითხოვს. პარლამენტს მალევე ანებებს თავს და სამეცნიერო მოღვაწეობას განაგრძობს.

ისააკ ნიუტონი 1727 წლის 20 მარტს, 84 წლის ასაკში გარდაიცვალა. სწორედ მან ჩაუყარა საფუძველი ახალ სამეცნიერო ერას. მისი აღმოჩენების თანამედროვე ფიზიკისა და ინჟინერიის საფუძველი გახდა. თუმცა, მას მაინც ღრმად სწამდა, რომ დედამიწაზე ღვთის სიტყვის, „ბიბლიის“ გაშიფვრისთვის იყო მოვლენილი. სჯეროდა, რომ თეოლოგია და მათემატიკა ორივე ერთ მიზანს ემსახურებოდა – სამყაროს საიდუმლოს ამოცნობას.