12 კაცი მთვარეზე
მიუხედავად იმისა, რომ უკვე დიდი ხანია, რაც მთვარე მიუღწეველი კოსმოსური ობიექტი აღარ არის, კოსმოსური ერის დაწყებიდან მოყოლებული, მასზე მხოლოდ 12 ადამიანს აქვს ფეხი დადგმული და ყველას – Apollo-ს კოსმოსური მისიების ფარგლებში
Apollo იყო NASA-ს კოსმოსური პროგრამა, რომელიც 1961 წლიდან 1972 წლამდე მიმდინარეობდა. მისი მთავარი მიზანი, კი მთვარეზე პირველი ადამიანის დასმა იყო.
ამ მიზნის შესახებ, აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯონ კენედიმ, ჯერ კიდევ 1961 წელს გამართულ კონგრესზე განაცხადა. პრეზიდენტმა პირობა დადო, რომ პირველი ადამიანი მთვარეზე სწორედაც რომ ამერიკელი იქნებოდა. ეს ის პერიოდია, როდესაც აშშ სსრკ-თან გამართულ კოსმოსურ რბოლაში მარცხდება, ამიტომაც მათი მომდევნო ნაბიჯი გრანდიოზული უნდა ყოფილიყო.
პრეზიდენტის სიტყვები მალევე ახდა და 1969 წლის 20 ივლისს, ამერიკელი ასტრონავტი – ნილ არმსტრონგი ხდება პირველი ადამიანი, რომელმაც მთვარეზე ფეხი დადგა. ეს უდიდესი ნაბიჯი, კი კაცობრიობის ისტორიის ერთ-ერთი გარდამტეხი მომენტი აღმოჩნდა.
მას შემდეგ, მომდევნო 3 წლის განმავლობაში, მთვარისკენ კიდევ შვიდი Apollo-ს მისია განხორციელდა, დედამიწის ბუნებრივ თანამგზავრზე ყოფნის შესაძლებლობა კი 12 ამერიკელ ასტრონავტს ჰქონდა.
Apollo 11 – პირველი კაცი მთვარეზე
Apollo 11-მა კენედის სახელობის კოსმოდრომი 1969 წლის 16 ივლისს დატოვა. ხომალდზე, ნილ არმსტრონგთან ერთად, ედვინ „ბაზ“ ოლდრინი და მაიკლ კოლინზი იმყოფებოდნენ. მთვარის მოდული მთვარის ზედაპირზე 20 ივლისს დაჯდა. „არწივის“ ეკიპაჟი მხოლოდ ნილ არმსტრონგისა და ბაზ ოლდრინისგან შედგებოდა. მაიკლ კოლინზი მთვარის ორბიტაზე, სამეთაურო მოდულში „კოლუმბიაში“ დარჩა.
არწივის“ „სიმშვიდის ბაზაზე“ წარმატებული დაშვების შემდეგ, ხომალდის მეთაურმა, ნილ არმსტრონგმა პირველად დააბიჯა მთვარის ზედაპირზე. მას 20 წუთის შემდეგ ბაზ ოლდრინიც შეუერთდა.
„ერთი პატარა ნაბიჯი ადამიანისთვის, მაგრამ უდიდესი ნახტომი კაცობრიობისთვის“ – სწორედ ეს ლეგენდარული ფრაზა წარმოთქვა ნილ არმსტრონგმა მთვარეზე დაბიჯებისას.
ასტრონავტებმა მთვარის ზედაპირზე 21 საათი და 36 წუთი გაატარეს და ერთად აღმართეს აშშ-ს დროშა, დაათვალიერეს მთვარის ზედაპირი და შეაგროვეს სამეცნიერო მასალა. „არწივზე“ დამონტაჟებული ვიდეო კამერა პირდაპირ ეთერში გადმოსცემდა ასტრონავტების მოგზაურობას ციური სხეულის ზედაპირზე. ამას კი მსოფლიოს მასშტაბით 650 მილიონი ადამიანი ადევნებდა თვალს.
ამ, კაცობრიობისთვის მართლაც რომ უდიდესმა ნახტომმა, სრულიად შეცვალა თანამედროვე ისტორია. აშშ-ს მიერ მთვარის მონახულება კოსმოსური რბოლის დასრულების მიზეზი გახდა და, ხშირად მიიჩნევა, რომ სწორედ ამ “გამარჯვებით” დამთავრდა საზოგადოების ინტერესი კოსმოსის მიმართ.
თუმცა, Apollo 11-ის შემდეგ, მთვარეს კიდევ Apollo-ს 5 ხომალდი და 10 ასტრონავტი ეწვია.
Apollo 12
Apollo 12-ი დედამიწიდან 1969 წლის 14 ნოემბერს აფრინდა. თუმცა, ფრენა წვიმიან ამინდს დაემთხვა, ამიტომაც, აფრენისას ხომალდს მეხი 2-ჯერ დაეცა. ხომალდმა მცირე დაზიანებები მიიღო, თუმცა მთვარეზე დაჯდომა 19 ნოემბერს მაინც მოახერხა, ალან ბინი და პიტ კონრადი კი გახდნენ მე-3 და მე-4 ასტრონავტები, რომლებმაც მთვარეზე ფეხი დადგეს.
Apollo 12-მა მთვარეზე ექსპერიმენტების ჩასატარებლად ბირთვულ ენერგიაზე მომუშავე ინსტრუმენტები და პირველი ფერადი კამერა წაიღეს, რომელიც ასტრონავტების საქმიანობას პირდაპირ ეთერში გადმოსცემდა. თუმცა, შემთხვევით, ალან ბინმა კამერა მზისკენ მიატრიალა, რამაც სენსორი გადაწვა და კავშირი გაწყდა.
Apollo 12-ის მისია 24 ნოემბერს წარმატებით დაბრუნდა დედამიწაზე.
Apollo 14
Apollo 14 იყო მერვე ეკიპაჟიანი და მესამე მისია, რომელმაც მთვარეზე დაჯდომა მოახერხა. ხომალდი კენედის კოსმოდრომიდან 1971 წლის 31 იანვარს აფრინდა.
თავდაპირველად, მისია 1970 წლისთვის იყო დაგეგმილი. თუმცა, Apollo 13-ის ინციდენტის შემდეგ, ხომალდების მოდიფიკაცია გახდა საჭირო.
Apollo 14-ი მთვარის ზედაპირზე 5 თებერვალს დაეშვა, მთვარის მოდულის კაფსულში კი ედგარ მიჩელი და ალან შეპარდი იმყოფებოდნენ. ალან შეპარდი იყო პირველი ამერიკელი, რომელიც კოსმოსში გაფრინდა. თუმცა Apollo-ს მისიის შემდეგ, გახდა მე-5 ადამიანი, რომელმაც მთვარეზე ფეხი დადგა. და მეტიც, მის ზედაპირზე გოლფი ითამაშა.
Apollo 14-ის ხომალდი წყნარ ოკეანეში 9 თებერვალს წარმატებით დაეშვა.
Apollo 15
Apollo 15-ის ხომალდიც 1971 წელს გაფრინდა, მისია კი 26 ივლისიდან 7 აგვისტომდე გაგრძელდა. მისიის ფარგლებში კი მთვარეს ასტრონავტები – ჯეიმს ირვინი და დეივიდ სკოტი ეწვივნენ.
ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ასტრონავტებმა მთვარის თვითმავალი აპარატი გამოიყენეს და წინა მისიებთან შედარებით, ციური სხეულის ზედაპირის უფრო დიდი ტერიტორიის დათვალიერება შეძლეს. მათ მთვარეზე 18 საათი დაჰყვეს და 77 კილოგრამი მასალა შეაგროვეს. დეივიდ სკოტმა კი გალილეო გალილეის თეორიის კიდევ ერთხელ დასამტკიცებლად პატარა ექსპერიმენტი ჩაატარა, როდესაც მასალის შესაგროვებლად ჩაქუჩი გამოიყენა. გალილეოს მიხედვით, ჰაერის წინააღმდეგობის არ არსებობისას, გრავიტაციის პირობებში, ობიექტები, მათი მასის მიუხედავად ერთი სიჩქარით დავარდებიან.
წარმატებული მისიის მიუხედავად, დედამიწაზე დაბრუნების შემდეგ ცნობილი გახდა, რომ ეკიპაჟმა მთვარეზე უნებართვოდ 400-მდე საფოსტო ბარათი წაიღო, რომელიც შემდეგ მაღალ ფასად გაყიდეს. ამის გამო, Apollo 15-ის ეკიპაჟმა წერილობითი საყვედური მიიღო, თუმცა ინციდენტის შემდეგ ისინი კოსმოსში აღარ გაფრენილან.
Apollo 16
Apollo 16-მა დედამიწა 1972 წლის 16 აპრილს დატოვა. ამ დროს ხომალდზე კენ მეთინგლი, ჩარლზ დიუკი და ჯონ იანგი იმყოფებოდნენ. სწორედ, უკანასკნელი ორი ასტრონავტი გახდა მე-9 და მე-10 ადამიანი, რომლებმაც მთვარეზე გაიარეს.
Apollo 16-ის ხომალდის ძრავას კოსმოსში ყოფნისას პრობლემა შეექმნა, რამაც 6 საათიანი დაყოვნება გამოიწვია. NASA-ს ადმინისტრაცია, უკვე მზად იყო, რომ ხომალდი უკან დაებრუნებინა, თუმცა საბოლოოდ გადაწყვიტეს, რომ მისია არ შეეჩერებინათ. Apollo 16-ის მთვარის მოდული, ზედაპირზე 21 აპრილს დაეშვა.
სწორედ Apollo 16-ის მისიისას ჩამოიტანეს დედამიწაზე მთვარიდან წამოღებული ყველაზე დიდი ქვა, რომელსაც “დიდი მიულეი” (Big Muley) დაარქვეს. სახელი Apollo 16-ის გეოლოგიური ჯგუფის უფროსის, ბილ მიულბერგერის პატივსაცემად ეწოდა.
Apollo 16-ი დედამიწაზე 1972 წლის 27 აპრილს დაბრუნდა, განსაზღვრულ დროზე 1 დღით ადრე.
Apollo 17
Apollo 17-ი იყო NASA-ს Apollo-ს უკანასკნელი მისია და ბოლო შემთხვევა, როდესაც ადამიანმა მთვარეზე ფეხი დადგა (ჰარისონ შმიტი და ჯინი კერნანი). შმიტი უკანასკნელ ასტრონავტთან ერთად, იყო პირველი გეოლოგი, რომელიც მთვარეზე გაფრინდა. NASA-ს სურდა, რომ მთვარეზე ჩატარებული ექსპერიმენტები მეცნიერებს ჩაეტარებინათ და არა მხოლოდ ასტრონავტებს. სწორედ ამ მისიის ფარგლებში ჩატარდა 5 თაგვის ექსპერიმენტი, როდესაც თაგვები (Fe, Fi, Fo, Fum და Phooey) 6 დღის განმავლობაში მთვარის ორბიტაზე მოგზაურობდნენ.
ხომალდმა დედამიწა 1972 წლის 7 დეკემბერს დატოვა, დედამიწაზე კი 19 დეკემბერს დაბრუნდა. სწორედ უკანასკნელი მისია მთვარეზე – Apollo 17-ი გახდა ყველაზე გრძელი ეკიპაჟიანი მისია მთვარეზე, ასტრონავტებმა დაფარეს ყველაზე დიდი დისტანცია და ყველაზე დიდი დრო გაატარეს ღია კოსმოსში მთვარის ზედაპირზე, მთვარის ორბიტაზე და ყველაზე მეტჯერ შემოუფრინეს მთვარეს.
მთლიანობაში, Apollo-ს კოსმოსურ პროგრამაზე 25.4 მილიარდი ამერიკული დოლარი დაიხარჯა. მისია კი ხშირად კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე დიდ ტექნოლოგიურ მიღწევად მოიხსენიება. პროგრამამ საფუძველი ჩაუყარა ახალი ტექნოლოგიების შექმნას (მიახლოებით 1800), მათ შორის უსადენო მოწყობილობების, ცეცხლგამძლე მატერიების, გულის მონიტორების, მზის პანელების, ციფრული სურათების განვითარებას, თხევადი მეთანის საწვავად გამოყენებას – და ყველაზე მთავარი, Apollo-ს მისიები გახდა კაცობრიობისთვის ახალი, ტექნოლოგიური ხანის დასაწყისი.